საქართველოს დიდ ქალაქებში დისტანციური სწავლება წლის ბოლომდე გაგრძელდება

ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს მოსწავლეების უმეტესობა საკლასო ოთახებს ვერ დაუბრუნდება.
Sputnik

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ წლის ბოლომდე 11 ქალაქის სკოლაში სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

კერძოდ, პირველი სემესტრის დასრულებამდე სწავლა დისტანციურად გაგრძელდება თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გორის, გარდაბნის, ფოთისა და მარნეულის როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში. აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება აჭარის რეგიონსაც. 

საქართველოში კიდევ რამდენიმე სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

„ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით, უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება – პირველი სემესტრის დასრულებამდე საჯარო და კერძო სკოლების ყველა კლასში სასწავლო პროცესი დისტანციურად გაგრძელდეს“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს დიდ ქალაქებში სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე 4 ნოემბრიდან გადავიდნენ. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დისტანციური სწავლება 25 ნოემბრამდე უნდა გაგრძელებულიყო. ონლაინ–სწავლებაზე გადავიდნენ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ზუგდიდის, ზესტაფონის, გორის, ფოთის, მარნეულის, გარდაბნისა და აჭარის რეგიონის სკოლები.

კორონავირუსის პანდემიის გამო მოსწავლეები დისტანციური სწავლების რეჟიმში გასული სასწავლო წლის გაზაფხულიდან არიან. ამ დროის განმავლობაში მოსწავლეები საკლასო ოთახებს მხოლოდ ერთხელ, სექტემბერში დაუბრუნდნენ, თუმცა, კორონავირუსის მეორე ტალღის გამო ხელისუფლებამ სასწავლო პროცესის ონლაინ–რეჟიმში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.