ქუთაისში სტუდენტები მგზავრობის გადასახადის შემცირებას მოითხოვენ

ქუთაისში მცხოვრები სტუდენტები საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების განახევრებას მოითხოვენ.
Sputnik

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. სტუდენტებმა ქუთაისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე შეღავათებს მოითხოვენ.

ქუთაისში ოთხი უნივერსიტეტია, მათ შორის ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებად არის მიჩნეული.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა

აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ნიკა კახაძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, მათ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ შეიტანეს მერიაში ინციატივა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე შეღავათის თაობაზე. მაშინ მერიაში სტუდენტებს დაპირდნენ, რომ როგორც კი ქალაქში ახალი ტრანსპორტი გამოჩნდებოდა, ისინი მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდნენ. სტუდენტებმა სიტყვიერი დაპირება მიიღეს, მაგრამ ის არ შესრულებულა.

კახაძის თქმით, სტუდენტები მოითხოვენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება განახევრდეს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის ამგვარი სქემა სტუდენტებისთვის მოქმედებს თბილისსა და ბათუმში. საქართველოს კანონმდებლობით, გადაწყვეტილებებს შეღავათებზე, ისევე, როგორც მგზავრობის ღირებულების განსაზღვრაზე, ქალაქის მერია იღებს.