თბილისში მოქმედი შადრევნები გაითიშება

დედაქალაქში შადრევნები ახლა გაითიშება და უკვე გაზაფხულზე, ტემპერატურის მომატების შემდეგ კვლავ ჩაირთვება.
Sputnik

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ტემპერატურის ცვლილების გამო 25 ნოემბრიდან დედაქალაქში მოქმედი ყველა შადრევანი გაითიშება. ინფორმაციას ქალაქ თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ზამთრის დადგომისას შადრევნები ყოველ წელს ითიშება, მათ მომავალი წლისთვის ამზადებენ და გაზაფხულზე, ტემპერატურის მომატების შემდეგ კვლავ ჩართავენ.

თბილისში არსებული 50-მდე შადრევნის მოვლა-პატრონობას შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს. შადრევნების ნაწილი რაიონული გამგეობების დაქვემდებარებაშია.