საქართველოში ტაძრები არ დაიკეტება, მაგრამ წესები გამკაცრდება

ტაძრები არ ჩაკეტავენ კარს მრევლისთვის, მაგრამ კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად ზომებს გაამკაცრებენ და უსაფრთხოების ნორმების დაცვას გააკონტროლებენ.
Sputnik

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ტაძრები არ დაიკეტება და ყოველთვის იქნება ღია მათთვის, ვინც შველას უფალში ხედავს, განუცხადა ჟურნალისტებს ქუთაისი–გაენათის ეპარქიის მეუფე იოანემ (გამრეკელმა).

საქართველოში, კორონავირუსის მიუხედავად, გიორგობას აღნიშნავენ – ვიდეო >>

ადრე მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა საპატრიარქოდან მიიღეს მითითება, დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. კერძოდ, წირვის დროს მრევლს უნდა ეკეთოს პირბადე და იცავდეს დისტანციას, მსახურების შემდეგ კი ტაძრებში დეზინფექცია უნდა ჩატარდეს.

„ტაძრები არ დაიკეტება, ეს გამორიცხულია... ღვთისკენ მიმავალ ადამიანს მე როგორ უნდა შევუშალო ხელი?! გამორიცხულია! ნებაყოფლობითაა, ჩვენ ხომ არ ვაიძულებთ მოსვლას? რადგან მოვიდა, მე არ უნდა გავაგდო... ეკლესიაში კი არ ინფიცირდება, არამედ ადამიანი ადამიანს გადასცემს, ეკლესიას ნუ დავაბრალებთ", – განაცხადა მეუფე იოანემ.

სინოდის წევრი მეუფე ლაზარე კორონავირუსისგან გარდაიცვალა - ვიდეო

თავის მხრივ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ასევე აცხადებს, რომ საჭიროა წესების გამკაცრება.

„თქვენ ნახეთ, რომ გასულ გაზაფხულზე რეკომენდაციების და გამკაცრების კვალდაკვალ ეკლესიაც შიგნით ამკაცრებდა ზომებს და შესაბამისად იქნება (მომავალშიც). ზუსტად ვერ გეტყვით ჯერ, მაგრამ შესაბამისად იქნება, რეკომენდაციები გაცემული არის, რომ დაცული იყოს დისტანცია, პირბადეს იყენებდეს მომსვლელი ადამიანი, მკაცრად არის მოსათხოვი, რომ ეს იყოს დაცული“, – განუცხადა ჟურნალისტებს ანდრია ჯაღმაიძემ.

როგორ აღნიშნავდნენ გიორგობას საქართველოს სხვადასხვა კუხეებში – წინაპართა ტრადიციები >>

საქართველოში ფიქსირდება კორონავირუსის მეორე ტალღა, რომლის პიკი ნოემბრის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. ყოველდღიურად ვლინდება დაახლოებით 4 ათასი ახალი შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე 100 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 012 ადამიანი.

ქვეყანაში მოქმედებს შეზღუდვები: პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ და ღია სივრცეებში, ტრანსპორტში, ქუჩებში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, დაკეტილია საბავშვო ბაღები, ღამის საათებში სახლიდან გასვლა აკრძალულია.