თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. მთიან ყარაბაღში ნაღმის აფეთქების შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, სამშვიდობო ძალების რუსული კონტინგენტის ოფიცერი და ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ოთხი თანამშრომელი დაჭრილია, იუწყება РИА Новости რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
როგორც სამინისტროში იტყობინებიან, 23 ნოემბერს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების გაცვლის ერთობლივი ჯგუფი რუსი სამშვიდობოების, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების, მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, ასევე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლების შემადგენლობით ტერტერის რაიონში დაღუპულთა სამძებრო სამუშაოებს აწარმოებდა.
„მადაგიზის დასახლებული პუნქტის რაიონში სამუშაოების წარმოებისას ნაღმი აფეთქდა. შედეგად სამშვიდობო ძალების რუსული კონტინგენტის ოფიცერი დაიჭრა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ერთი ოფიცერი დაიღუპა. მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კიდევ ოთხი თანამშრომელი დაიჭრა. რუსი სამხედრო მოსამსახურე ბაქოს ჰოსპიტალშია გადაყვანილი, სადაც მას აუცილებელ სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ერთობლივი ჯგუფები, რომლებიც კონფლიქტში დაღუპულთა ცხედრების მოსაძებნად და გადასაცემად რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობის ინიციატივით შეიქმნა, კვირაზე მეტია ეფექტურად მუშაობენ. ყველა ნაპოვნი ცხედარი მხარეებს დასამარხად გადაეცემა.