კონცერტი „გიორგობა მოსკოვში“ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო

დღესასწაული, რომლის ორგანიზატორი ქართულ–რუსული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდია, სავარაუდოდ, 2021 წლის დასაწყისში ჩატარდება.
Sputnik

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო სადღესასწაულო კონცერტი „გიორგობა მოსკოვში“, რომელიც 26 ნოემბერს მოსკოვის მთავრობის საკონცერტო დარბაზში უნდა გამართულიყო, გადაიდო, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ ორგანიზატორებმა. 

საქართველოში 23 ნოემბერს წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავენ.

დღესასწაულის გამართვას, რომელიც ქართული კულტურის ერთგვარი ფესტივალი უნდა ყოფილიყო, ქართულ–რუსული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდი გეგმავდა. 

როგორ აღნიშნავდნენ გიორგობას საქართველოს სხვადასხვა კუხეებში – წინაპართა ტრადიციები

ღონისძიებების გაუქმების შესახებ ინფორმაცია ფონდის დირექტორმა დავით ცეცხლაძემ გაავრცელა.

„კონცერტი „გიორგობა მოსკოვში“, რომელიც 26 ნოემბერს იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ, 2021 წლის იანვრისთვის გადაიდო, – განაცხადა ცეცხლაძემ. – ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ კონცერტის აღნიშნულ დროში ჩატარებას, მაგრამ ქალაქში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ბოლო რეგულაციების გათვალისწინებით, ღონისძიების გადადების გადაწყვეტილება მივიღეთ“.

რუსულ-ქართული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდი 2015 წლის 1 ივნისიდან მოქმედებს. მასთან სამი დეპარტამენტი ფუნქციონირებს: რუსეთისა და საქართველოს სოციალურ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის და ახლადშექმნილი - დიასპორების საკითხების დეპარტამენტი.