მსოფლიო დღეს

ბაიდენმა ადმინისტრაციის დაკომპლექტება დაიწყო: დასახელდა კანდიდატები საკვანძო პოსტებზე

აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკას უხელმძღვანელებენ გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც მზად არიან პრინციპული ლიდერობა აღადგინონ
Sputnik

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა დაასახელა იმ კანდიდატების ვინაობა, რომლებსაც არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში თავის ადმინისტრაციაში საკვანძო პოსტებზე მოიაზრებს.

ინფორმაცია ბაიდენის გეგმების შესახებ პოლიტიკოსის შტაბის Twitter-აკაუნტზე გამოქვეყნდა.

ასე, მაგალითად, სახელმწიფო მდივნის პოსტი შეიძლება ტონი ბლინკენმა დაიკავოს, გაეროს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა - ლინდა თომას-გრინფილდმა, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოსტი - ჯეიკ სალივანმა. შინაგანი უსაფრთხოების სამინისტროს ხელმძღვანელად მოიაზრება ალეხანდრო მაიორკასი, ხოლო ეროვნული დაზვერვის დირექტორად - ავრილ ჰეინსი. ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ შესაძლოა დაიკავოს კლიმატის საკითხებში საგანგებო წარმომადგენლის პოსტი.

განცხადებაში ხაზგასმულია: „აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას და საგარეო ;პოლიტიკას უხელმძღვანელებენ გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც მზად არიან აღადგინონ პრინციპული ლიდერობა მსოფლიო არენაზე და ღირსეული ლიდერობა ქვეყნის შიგნით“.

2020 წლის 3 ნოემბერს აშშ-ში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ამჟამად კერ კიდევ გრძელდება ხმების დათვლა და გარჩევები ამ საკითხზე. მედიის შეფასებით, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გამარჯვებისთვის საჭირო ამომრჩეველთა კოლეგიის ხმათა საკმარისი რაოდენობა მოიპოვა და მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაუსწრო. დემოკრატმა თავი არჩეულ პრეზიდენტად უკვე გამოაცხადა. თავის მხრივ, ტრამპმა განაცხადა, რომ ბაიდენმა იჩქარა, როდესაც საკუთარ თავს ქვეყნის ახალი ლიდერი უწოდა.