პუტინი: ყარაბაღი - აზერბაიჯანია, მაგრამ „სომხეთი არავის არ მიუტოვებია“

პუტინმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობა არ აკისრებდა რუსეთს ვალდებულებას, მთიან ყარაბაღში სიტუაციის გამწვავების შემდეგ კონფლიქტში ჩარეულიყო
Sputnik

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიულ კუთვნილებასთან დაკავშირებით ტელეარხ „როსია 1“-ის ეთერში კომენტარი გააკეთა.

„სომხეთმა ხომ არ აღიარა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ეს ნიშნავდა, რომ, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, მთიანი ყარაბაღი და ყველა მისი მიმდებარე რაიონი იყო და არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის განუყოფელი ნაწილი“, - ციტირებს პუტინს РИА Новости. 

ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში წევრობის პირობები რუსეთს კონფლიქტში ჩარევას არ ავალდებულებდა.

მოსაზრება: რატომ არ გამოუვიდა აშშ-ს ბაქოსა და ერევნის შერიგება

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია მისი წევრი ქვეყნის ტერიტორიის მიმართ აგრესიის შემთხვევაში ორმხრივ დახმარებას ითვალისწინებს. სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არავინ არ შეჭრილა, და ეს არანაირ უფლებას არ გვაძლევდა მიგვეღო უშუალო მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვი სრულად ასრულებდა თავის ვალდებულებებს ერევანთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში.

„გარწმუნებთ, სომხეთს თავი მიტოვებულად და დავიწყებულად არ უგრძვნია. და რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ასე არ ყოფილიყო“, - დასასრულს განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა — ილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმირ პუტინმა 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. ამ დროისათვის ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები შედიან, აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან და ამასთან მიმდინარეობს ტყვეთა გაცვლა. ნოემბერ–დეკემბერში სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა გადასცეს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების დიდი ნაწილი.