უამინდობა და ინტენსიური თოვა: როგორი ვითარებაა საქართველოს გზებზე

საქართველოს გზების აღნიშნულ მონაკვეთებზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების შედეგად მოძრაობა აღდგა, თუმცა სხვა გზებზე უამინდობის გამო შეზღუდვები ნარჩუნდება
Sputnik

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თოვის გამო თუშეთის გზა ჩაიკეტა

დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა გომი-კორბოულის მონაკვეთზე. ამ ეტაპზე გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 43-110-ე კმ. (ალგეთი-ფარავანი) მონაკვეთზეც. ამ ეტაპზე, აღნიშნულ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ზემო ლარსი დღეს: რუსეთ-საქართველოს საზღვრისკენ მიმავალი გზა სატვირთოებისთვის ჩაკეტილია >>

გზის ორივე მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ინტენსიური თოვის გამო გუშინ აიკრძალა.

თუმცა სხვა გზებზე დიდთოვლობისა და უამინდობის გამო შეზღუდვები ისევ მოქმედებს.