თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის სოფელ გოდოგნის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი შიო (სინატაშვილი) ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა, ნათქვამია „საპატრიარქოს უწყებანის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, 43 წლის მღვდელ-მონაზონ შიოს ვირუსის სიმპტომები ერთი კვირის წინ აღმოაჩნდა. ის სახლში მკურნალობდა და კლინიკას დაგვიანებით მიაკითხა. მას თანმდევი დაავადებებიც აღენიშნებოდა. სასულიერო პირი დღეს გარდაიცვალა.
„ერთი კვირის წინ აღმოაჩნდა სიმპტომები, სახლში მკურნალობდა, არ იყო მძიმედ და არც ელოდა გართულებას. ერთი კვირის წინ დამძიმდა. გადაიყვანეს ქუთაისში კლინიკაში, მაგრამ ვერ მოხერხდა გადარჩენა. მას დიაბეტიც და ასთმაც ჰქონდა და ალბათ, ამან გაართულა“, - განაცხადა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მთავარუხუცესმა იოანე რევიშვილმა.
საქართველოში Covid-19-ით უკვე ორი სასულიერო პირი გარდაიცვალა. გუშინ, 20 ნოემბერს კორონავირუსით ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი, მეუფე ლაზარე გარდაიცვალა.
საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 927-ს მიაღწია. კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა კი ბოლო დღე-ღამეში 3 824-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 100 684-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ 81 783 ადამიანი გამოჯანმრთელდა.