მინაწერები ბიულეტენებზე და საბჭოთა კავშირის ჰიმნი: მდინარაძე კვლავ პროვოკაციაზე საუბრობს

მდინარაძემ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ  ყველაფრის მიუხედავად საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. ოპოზიცია რამდენიმე ოლქში  საარჩევნო უბნებზე პროვოკაციის მოწყობას გეგმავს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების პირველი ტურის შედეგებს და არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს. მათმა ნაწილმა საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდა, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღონ. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ მონაწილეობენ არჩევნებში, ისინი საარჩევნო ბიულეტენში მაინც რჩებიან. 

როგორც მდინარაძემ განაცხადა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი მხარდამჭერი მათი ლიდერების მითითებით აპირებს, ბიულეტენზე დაწერონ, თითქოს ისინი საჯარო მოხელეები არიან და მათ არჩევნებში მონაწილეობა აიძულეს, შემდეგ კი ეს პროვოკაცია არჩევნების დისკრედიტაციისა და ნეგატიური პიარისთვის გამოიყენონ.
„სამართლიანი არჩევნები“: მეორე ტურზე სხვადასხვა სახის დარღვევები დაფიქსირდა

„გვაქვს კონკრეტული ინფორმაციები, კონკრეტული სახელებითა და გვარებით. ვიცით, ვინ რას აკეთებს. ამიტომ მოვუწოდებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ლიდერს, თავი დაანებონ ამ მდარე პროვოკაციებს, ასეთი პატარ-პატარა ე.წ. ნაღმების აფეთქებას, აზრი არ აქვს“, - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ასევე თავიანთ ახალგაზრდულ ფრთას ავალებენ, რომ 20:00 საათზე „ქართულ ოცნებას“ საბჭოთა კავშირის ჰიმნით მიულოცონ გამარჯვება. მისივე თქმით, გარდა ზემოაღნიშნულისა, აღნიშნული პოლიტიკური პარტია აპირებს, გაავრცელოს ინფორმაცია, თითქოს „ქართული ოცნება“ მხარდამჭერების ნაწილს ხუთიანების შემოხაზვას ავალებდა, ხელოვნური კონკურენციის შექმნის მიზნით.

მდინარაძემ ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად პროვოკაციის მცდელობებისა, საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„მეორე ტურის სპეციფიკის, პანდემიის და ოპოზიციის ბოიკოტის გათვალისწინებით, აქტივობა მაღალი არ არის, თუმცა ნორმალურია. მოსახლეობა მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას იჩენს და საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას საარჩევნო ყუთებთან აფიქსირებს, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ 15 საათისთვის 16,47% შეადგინა

21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩევლებს 1941 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი ემსახურება. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებასა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია 80 სპეციალური უბანი.

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 2 140 210 ადამიანი.