დარღვევები არჩევნებზე: ცესკო საჩივრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ცესკოში აცხადებენ, რომ ყველა საჩივარი დეტალურად შეისწავლება, საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან კი შესაბამისი რეაგირება მოხდება
Sputnik

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ფარგლებში საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია ხუთი საჩივარი, განაცხადა ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა.

აჭარაში ამომრჩეველთა აქტივობა 17 საათისთვის პირველ ტურთან შედარებით თითქმის ორჯერ ნაკლებია >>

შაბათს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამჯერად ამომრჩევლები არჩევანს გააკეთებენ იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგები აჩვენეს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ მონაწილეობენ არჩევნებში, ისინი საარჩევნო ბიულეტენში მაინც რჩებიან.

„სამი საჩივარია ზუგდიდში და ეხება პროცედურულ ხარვეზებს: რეგისტრატორის ფუნქციის არაჯეროვნად შესრულებას, გადასატანი ყუთის საკითხს და წილისყრის პროცედურების დარღვევას. ბათუმში ფიქსირდება ერთი საჩივარი ხმის მიცემის პროცედურის დარღვევის თაობაზე; ისანშიც ასევე ერთი საჩივარია წარდგენილი, რომელიც ეხება დამკვირვებლის უფლებებს“, - განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიები ყველა საჩივარს ყურადღებით შეისწავლიან.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210 ადამიანს შეადგენს, ისინი ხმის მიცემას 1 941 უბანზე შეძლებენ. კენჭისყრა ასევე იმართება კარანტინის ზონებში და მათთვის, ვინც თვითიზოლაციაში იმყოფება. ასეთი ამომრჩევლებისთვის დამატებით 80 სპეცუბანი შეიქმნა. ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00  საათისთვის 20.74%  შეადგინა.

დარღვევები არჩევნებზე: ცესკო საჩივრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს