ცესკო: ცნობილია ამომრჩეველთა აქტივობა 17:00  საათისთვის

 ბიულეტენში მითითებულია ორი კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგები აჩვენეს, თუმცა ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი კანდიდატები არჩევნებიდან მოხსნეს
Sputnik

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. ამომრჩეველთა აქტივობამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 17:00  საათისთვის 20.74%  შეადგინა, განაცხადა ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა.

კერძოდ, 08:00 საათიდან საკუთარი არჩევანი 443 963 მოქალაქემ გააკეთა.

„ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა  აჭარის რეგიონში, ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს ოლქში - 31% (30 162ამომრჩეველი), ხოლო ყველაზე დაბალი -დედაქალაქში, ნაძალადევის მაჟორიტარულ ოლქში - 16% (21. 641 ამომრჩეველი) “, - აღნიშნა იოსელიანმა.

საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში 15:00 საათზე აქტივობამ 36,45% შეადგინა. თუმცა მაშინ დეპუტატებს 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში 3,5 მილიონზე მეტი ამომრჩეველი ირჩევდა.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამჯერად ამომრჩევლები არჩევანს გააკეთებენ იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგები აჩვენეს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ მონაწილეობენ არჩევნებში, ისინი საარჩევნო ბიულეტენში მაინც რჩებიან.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210 ადამიანს შეადგენს, ისინი ხმის მიცემას 1 941 უბანზე შეძლებენ. კენჭისყრა ასევე იმართება კარანტინის ზონებში და მათთვის, ვინც თვითიზოლაციაში იმყოფება. ასეთი ამომრჩევლებისთვის დამატებით 80 სპეცუბანი შეიქმნა.