ბათუმის საოლქო კომისიასთან ე.წ. სირცხვილის დერეფანს აწყობენ, არიან დაკავებულები

ოპოზიციის გადაწყვეტილების მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციამ მაინც გადაწყვიტა ე.წ. სირცხვილის დერეფნის მოწყობა და არჩევნების ამ ფრომით გაპროტესტება
Sputnik

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. ბათუმის N79 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები შეიკრიბნენ და ე.წ. სირცხვილის დერეფანს აწყობენ.

ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ რამდენიმე დღის წინ მოსახლეობას არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდა და საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის დერეფნების“ მოწყობა დააანონსა. თუმცა მოგვიანებით პარტიამ დაანონსებული „სირცხვილის დერეფნები“ გააუქმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების მეორე ტურზე ე.წ. სირცხვილის დერეფნებს აღარ მოაწყობს

აქციის მონაწილეები, ოპოზიციის გადაწყვეტილების მიუხედავად, ე.წ. სირცხვილის დერეფნებს უწყობენ საარჩევნო ადმინისტრაციების ყველა წარმომადგენელს, ვისაც უბნებიდან ოლქში ბიულეტენები მოაქვს. ისინი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ხვდებიან შეძახილებით:  „მონებო", „გამყალბებლებო“, „სირცხვილი თქვენ“.

„ალტერნატივას“ წევრების განცხადებით, ისინი  ამ ფორმით აპროტესტებენ მიმდინარე პროცესს.

„ჩვენ არ ვართ ოპოზიციასთან შეთანხმებული, ჩვენ მაინც ვუწყობთ სირცხვილის კორიდორებს, ვინც არჩევნები გააყალბა და აქ ვიქნებით, ვიდრე ბოლო ბიულეტენს არ შეიტანს ოლქში ბოლო გამყალბებელი“, – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ხათუნა ბერიძემ.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორგანიზაციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ამომრჩეველმა 17 ოლქში საკუთარი არჩევანი იმ ორ კანდიდატს შორის გააკეთა, რომელთაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგები ჰქონდათ.

არჩევნები ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. ოპოზიციურმა პარტიებმა ოფიციალურად მოხსნეს თავისი კანდიდატები, მაგრამ ბიულეტენებში ისინი მაინც დარჩნენ - კანონმდებლობა ამ ეტაპზე უარის თქმას არ ითვალისწინებს.