ალიევი სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის მომხრეა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ეს შექმნის რეგიონში ახალ სიტუაციას და რეგიონულ უსაფრთხოებას გაამყარებს
Sputnik

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ იმედოვნებს ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას. ამის შესახებ РИА Новости წერს.

დელეგაცია შოიგუს მეთაურობით ბაქოში შაბათს გაემგზავრა.

„იმედი მაქვს, რომ ცეცხლის დღევანდელი შეწყვეტა, სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის გეგმები, თუ მათ დადებითად მიიღებენ ერევანში, შექმნიან პირობას რეგიონში ახალი სიტუაციის შესაქმნელად, თანამშრომლობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის. ეს თქვენთვისაც სასარგებლო იქნება. და რეგიონში დასახლებული ჩვენი ერები, და ჩვენი მეზობლები, და ზოგადად მსოფლიო გაცილებით უსაფრთხო იქნება“, - განაცხადა ალიევმა.

სიტუაცია მთიან ყარაბაღში

სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთის შუამავლობით მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც 2020 წლის 10 ნოემბრიდან კონფლიქტის ზონაში ყველა სამხედრო მოქმედებები სრულად შეწყდა.

შეთანხმების პირობების შესაბამისად, სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან, ხოლო მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსი მშვიდობისმყოფელები შედიან. ისინი მხარეთა გამყოფ ზოლზე და იმ დერეფნის გასწვრივ განლაგდებიან, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.

თურქი სამხედროები აზერბაიჯანში უახლოეს დღეებში გაემგზავრებიან

ბაქომ და ერევანმა ასევე ტყვეების გაცვლაზე მოილაპარაკეს. გარდა ამისა, სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნოს ასევე ქელბაჯარის, ლაჩინისა და აღდამის რაიონები.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როდესაც ავტონომიის მოსახლეობის სომხურმა ნაწილმა საბჭოთა აზერბაიჯანის შემადგენლობიდან საბჭოთა სომხეთის შემადგენლობაში გადასვლა მოისურვა. კონფლიქტი 1990-იანი წლების დასაწყისში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. 1992–1994 წლებში ბაქომ მთიან ყარაბაღზე და მიმდებარე შვიდ რაიონზე კონტროლი დაკარგა.

2020 წლის სექტემბერში ვითარება დაიძაბა - სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაბომბვაში დაადანაშაულეს. კონფლიქტის მხარეებმა სრული თუ ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადეს, დაიწყო საბრძოლო მოქმედებები.