აჭარაში ამომრჩეველთა აქტივობა 17 საათისთვის პირველ ტურთან შედარებით თითქმის ორჯერ ნაკლებია

აჭარაში, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები რეგიონის ორ საარჩევნო ოლქში (ბათუმისა და მაღალმთიანეთის ოლქებში) ტარდება.
Sputnik

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. აჭარაში, 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 24,1%-მა უკვე გააკეთა არჩევანი, რაც რაოდენობრივად 58 793 ამომრჩეველს შეადგენს, ნათქვამია აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიის (უსკო) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უსკოს ცნობით, ბათუმის N28 ოლქში 17:00 საათის მონაცემებით ხმა მისცა ამომრჩევლების 19,46 %-მა, სულ 28 643-მა ამომრჩეველმა.

„სამართლიანი არჩევნები“: მეორე ტურზე სხვადასხვა სახის დარღვევები დაფიქსირდა

ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს N30 ოლქში კი, უსკოს ცნობით, 17:00 საათის მონაცემებით ხმა მისცა ამომრჩევლების 31%-ზე მეტმა, სულ 28 643 ამომრჩეველმა.

უსკოს მოჰყავს 31 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის და წინა წლების არჩევნების აქტივობა 17:00 საათისთვის:

  • 2020 წლის პირველი ტური: 17 სთ - 46,40 %.
  • 2016 პირველი ტურისათვის (17 საათზე) - 42, 94%
  • 2016 წლის მეორე ტურისათვის (17 საათზე) - 49,04%.

დღეს აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში  საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური იმართება. 28-ე ბათუმისა და 30 -ე ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი ორ ბიულეტენს მიიღებს, ყვითელს - აჭარის უმაღლესი საბჭოს  მაჟორიტარული, ხოლო ვარდისფერს - საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნებისთვის.

აჭარაში ამომრჩევლებს 300 საარჩევნო უბანი ემსახურება (მათ შორისაა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 1 უბანი პენიტენციურ დაწესებულებაში) და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 20 სპეციალური უბანი.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა უმაღლესი საბჭოს მეორე ტურისათვის ორ მაჟორიტარულ ოლქში ჯამში შეადგენს - 243 892 ამომრჩეველს.