საქართველოში ექსპორტ–იმპორტი ვარდნას განაგრძობს

ექსპერტების განცხადებით, ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად აუცილებელია ხელისუფლების ეკონომიკურმა გუნდმა ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა შეიმუშაოს.
Sputnik

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის პანდემიის ფონზე ვაჭრობა ვარდნას განაგრძობს – 2020 წლის დასაწყისიდან საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იანვარი–ოქტომბერთან შედარებით, 15%-ით შემცირდა და დაახლოებით 9,2 მლრდ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. 

„იმპორტი" ჭარბობს: ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა შემოტანილია

იანვარი–ოქტომბრის პერიოდში საქართველოდან ექსპორტზე 2,7 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გავიდა – 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,1%-ით ნაკლები.

2020 წლის დასაწყისში იმპორტმა 6,4 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 16,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარი–ოქტომბერში 3,7 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40,7%-ია.

რით ვაჭრობს საქართველო

საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ. 

ექსპერტთა ჯგუფი: საქართველოს დრამატული პერიოდი ელოდება

2020 წლის დასაწყისიდან მხოლოდ სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (17,4%), სპირტიანი სასმელების (4,8%), ოქროს (31,1%), თხილის (49,6%), ფერადი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების (8716,4%) ექსპორტი გაიზარდა. 

ამავე დროს შემცირდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 39,8%-ით, ნატურალური ყურძნის ღვინის – 8%-ით, სამკურნალო საშუალებების – 47,2%-ით, მინერალური და მტკნარი წყლების – 16,2%-ით და ა.შ.

საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ. 

2020 წლის დასაწყისიდან მხოლოდ ხორბლის იმპორტი გაიზარდა 5,3%-ით.

ამავე დროს, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი დაეცა 32,9%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების — 33,1%-ით, სამკურნალო საშუალებების – 13%-ით, ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების – 9,3%-ით და ა.შ.

ვისთან ვაჭრობს საქართველო

საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ იანვარი-ოქტომბრის პერიოდში 3,3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 36,5%-ია. 

პირველ ადგილზეა თურქეთი – მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაახლოებით 1,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,1%-ია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იანვარი–ოქტომბერთან შედარებით, 12,6%-ით შემცირდა. 

საგარეო ბრუნვა: როგორ ვაჭრობს საქართველო პანდემიის პერიოდში

2020 წლის დასაწყისიდან თურქეთში გავიდა დაახლოებით 29,3 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 1042 ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი, 5,6 ათას ტონაზე მეტი თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები და სხვა საქონელი.

აღნიშნულ პერიოდში თურქეთიდან შემოვიდა დაახლოებით 58,1 ათასი ტონა შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, 413,7 ტონა სამკურნალო პრეპარატები, დაახლოებით 19,9 ათასი ტონა შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და ა.შ.

მეორე ადგილზეა რუსეთი

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ბრუნვა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა 10,4%-ით და შეადგინა დაახლოებით 1,1 მლრდ დოლარი – საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 11,6%.  

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე დოლარების მიწოდებას განაგრძობს

წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გავიდა დაახლოებით 91,9 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 32,7 ათას ტონაზე მეტი ყურძნის ნატურალური ღვინო, 60 ათას ტონაზე მეტი მინერალური და მტკნარი წყალი, დაახლოებით 5,4 ათასი ტონა სპირტიანი სასმელი და ა.შ.

რუსეთი საქართველოში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია. რუსეთიდან წლის დასაწყისიდან 292,6 ათას ტონაზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა.

რუსეთიდან ასევე შემოვიდა დაახლოებით 407,6 ათასი ტონა ხორბალი, 102,1 ათას ტონაზე მეტი ნავთობის აირები, 30,5 ათას ტონაზე მეტი მზესუმზირის ზეთი და ა.შ.

მესამე ადგილზეა ჩინეთი

საქართველოს საგარეო ბრუნვამ ჩინეთთან დაახლოებით 991,8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 10,8%-ია. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაიზარდა.  

კორონავირუსი ეკონომიკას აზარალებს: რამდენით შემცირდა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა

წლის დასაწყისიდან საქართველოდან ჩინეთში გავიდა დაახლოებით 237,8 ათასი ტონა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, დაახლოებით 12,1 ათასი ტონა ძვირფასი ლითონების მადნები, 2,8 ათას ტონაზე მეტი ყურძნის ნატურალური ღვინო და ა.შ.

ჩინეთიდან შემოვიდა დაახლოებით 30,9 ათასი ტონა ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისგან, დაახლოებით 7 ათასი ტონა საბურავები, 261,6 ტონა მზა პროდუქცია, მათ შორის ტანსაცმლის თარგები და ა.შ.

საქართველო ასევე ვაჭრობს სხვა ქვეყნებთან

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: აზერბაიჯანი – დაახლოებით 746,3 მილიონი დოლარი, სომხეთი – 515,2 მილიონ დოლარზე მეტი, უკრაინა – 476,7 მილიონ დოლარზე მეტი, აშშ – დაახლოებით 509,7 მილიონი დოლარი, გერმანია – დაახლოებით 356,8 მილიონი დოლარი, ბულგარეთი – დაახლოებით 347,9 მილიონი დოლარი, იტალია – დაახლოებით 175 მილიონი დოლარი.

როდის გაუმჯობესდება ვითარება ვაჭრობაში?

„საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ საგარეო ვაჭრობაში ვითარება 2021 წლის მაისი–ივნისამდე არ გაუმჯობესდება. 

საქართველოს მთავრობა მოქალაქეებისა და ბიზნესის დახმარების დამატებით პაკეტზე მუშაობს

„ერთადერთი, რამაც დადებითად იმოქმედა ექსპორტზე, ეს ხილის უცხოეთში გატანაა, მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს ეს მონაცემები ლარის კურსზე, ვიტყოდი, რომ ყოველივე ეს მაინც ნეგატიურად მოქმედებს, რადგანაც უარყოფითი სალდო წლების განმავლობაში გრძელდება. და ექსპორტის დათვლის თვალსაზრისით ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე სახის დადებით დინამიკას, რომ ექსპორტი 2021 წლის ზაფხულამდე მნიშვნელოვნად გაიზრდება“, – განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ შენგელიამ.

მისი თქმით, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის საქართველოს მთავრობამ ეკონომიკა სამი მიმართულებით სწრაფად და რევოლუციური გზით უნდა განავითაროს.

„პირველი მიმართულება ახალი ტექნოლოგიების დანერგვაა, მეორე – ბიოფარმაცევტული ბაზრის განვითარება, მესამე და მთავარი კი ქვეყანაში არსებული სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება და ექსპორტზე საბოლოო სახით გატანაა“, – განაცხადა შენგელიამ.

ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად აუცილებელია ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომლის განხორციელებაც პუნქტობრივად მოხდება.

„საქართველოში ჯერ არ გვქონია ეკონომიკის განვითარების ასეთი გეგმა თავისი სტრატეგიით და დღესაც არ ჩანს. ამიტომაც ვიდრე ფულად–საკრედიტო პოლიტიკა არ დარეგულირდება, ქვეყანაში ნეპოტიზმი არ დასრულდება, არ ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანას ეკონომიკის თვალსაზრისით დადებითი მომავალი ექნება“, – განაცხადა შენგელიამ.

არასაიმედო პროგნოზები

კორონავირუსის პანდემიისა და გლობალური კრიზისის ფონზე ქვეყნის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. საქართველოს ბიუჯეტში ასახული ოფიციალური პროგნოზით, ეკონომიკური ვარდნა 2020 წელს –4% იქნება. ხოლო ეროვნული ბანკი ქვეყნის მშპ-ის ვარდნას 5%-ის დონეზე ვარაუდობს. 

როდის გამოუყოფს სსფ საქართველოს მორიგ ტრანშს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელი 2020 წელს 4%-დან 5%-მდე გააუარესა. ამასთან, სსფ მომავალი წლისთვის პოზიტიურ პროგნოზს იძლევა – +4,3%-ით.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის შემცირებას 4,8%-ით ვარაუდობს, ხოლო 2021 წელს ქვეყნის მშპ-ის ზრდას 4,5%-იან დონეზე ელოდება.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6%-ით შემცირდება. ამასთან, მშპ 2019 წლის დონეს მხოლოდ 2022 წელს მიაღწევს.