ყვითელი ამბები

„კლინიკა აყოვნებს უსიმპტომო პაციენტებს, სადღაც კი ვიღაც იხრჩობა...“ – ექიმის მიმართვა

ექიმი ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ხშირად არის შემთხვევები, როდესაც კლინიკებს უსიმპტომო პაციენტები იკავებენ, ამის გამო კი იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც სასიცოცხლოდ სჭირდებათ დახმარება, ადგილი აღარ არის.
Sputnik

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. ექიმი ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სმენია შემთხვევების შესახებ, როდესაც კლინიკაში აყოვნებენ უსიმპტომო კოვიდიან პაციენტებს, რომელთაც არანაირი სამედიცინო დახმარება არ სჭირდებათ.

„ამის პარალელურად არაერთ ჯგუფში და პირად მიმოწერაში ადამიანები, ხშირად პჯრ-ის ექიმებიც, ითხოვენ მძიმე, მინიმუმ, ჟანგბადის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის ადგილებს. ეს ადამიანები ბედის ანაბარად, ასე, პირადი კონტაქტების იმედად არიან დარჩენილნი. მერე ჩვენ ყველა ვიწყებთ ძებნას და ხვეწნას, სადმე მიიღონ და მინიმუმ ჟანგბადი მისცენ“, – წერს ექიმი.

ანი ქავთარაძე დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს მთავრობას მიმართავს, გამოყონ ხალხი, ვინც ამ სიტუაციას გააკონტროლებს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.768-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 96.860-ს მიაღწია. 

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 77.932 ადამიანი, გარდაიცვალა – 894, კარანტინის რეჟიმშია 2.226.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.