საპნისა და ანტისეპტიკის ერთდროულად გამოყენება დაუშვებელია: ექიმის განმარტება

ირკვევა, რომ ხელების საპნით დაბანა და მერე მათი ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავება შეიძლება სერიოზული საფრთხის შემცველი იყოს.
Sputnik

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ხელების საპნით დაბანის შემდეგ მათი ანტისეპტიკური საშუალებით დამუშავება შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს, განაცხადა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ოლგა ერშოვამ.

ვირუსოლოგი გვირჩევს: რომელი საპონი დაგვეხმარება COVID-19-თან ბრძოლაში

მისი თქმით, ასეთი პროცედურის ხშირმა გამეორებამ შეიძლება კონტაქტური დერმატიტის ფორმირება გამოიწვიოს.

„პრობლემა ისაა, რომ საპნისა და ანტისეპტიკური საშუალების ერთდროული გამოყენებისას კანის ლიპიდურ შრეზე აგრესიული ზემოქმედება ხდება, წყალი კი ხელს უწყობს მის გამორეცხვას“, — აცხადებს სპეციალისტი.

ექიმის განმარტებით, წვის შეგრძნება, რომელიც ადამიანებს ხელების საპნით დაბანისა და მერე მათი სპირტის შემცველი ანტისეპტიკებით დამუშავების შემდეგ ეუფლებათ, ცუდი სიგნალია.  

ოლგა ერშოვას რეკომენდაციაა, რომ ხელების დაბანა და ანტისეპტიკური საშუალების გამოყენება უნდა გაიმიჯნოს. ანუ, როცა ხელები გაქვთ დასაბანი, ამ დროს ანტისეპტიკის გამოყენება აუცილებელი არ არის, ხოლო თუ რაიმე საეჭვო ზედაპირს შეეხეთ, მაშინ მხოლოდ ანტისეპტიკური ხსნარით უნდა დაიმუშაოთ ხელები. ოღონდ მასში, გარდა სპირტისა, ასევე უნდა შედიოდეს კანის დამატენიანებელი ნივთიერებებიც.