რამაზ სვანაძე: ბოლო მატჩების შედეგები მაკედონიასთან მარცხმა შეიწირა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ბოლო ტურში ესტონეთთან ფრე ითამაშა და ჯგუფში მესამე პოზიცია დაიკავა.
Sputnik

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. შედეგით კმაყოფილი არ ვართ და არც უნდა ვიყოთ, შეტევაში ხარისხი დაგვაკლდა, განსაკუთრებით დასკვნით ფაზაში, განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მატჩის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

სვანაძემ ჟურნალისტებთან მატჩის შედეგსა და ნაკრების მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ბოლო მატჩების შედეგები მაკედონიასთან მარცხმა შეიწირა, თუმცა მთავარი ის არის, რომ წინ გავიხედოთ. ერთი, რაც ვიცი, არის ის, რომ ამ გუნდს მომავლის პერსპექტივა ნამდვილად აქვს. ამის საფუძველს ახალი თაობა მაძლევს, რომელსაც სწორი მუშაობის შემთხვევაში განვითარება შეუძლია“, – განაცხადა სვანაძემ.

მისი თქმით, ფეხბურთელებზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგებულმა ფინალმა ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა.

საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგა ესტონეთთან ფრედ დაასრულა

რამაზ სვანაძემ აღნიშნა, რომ მისი მთავარი მიზანი გუნდის სტრესული მდგომარეობიდან გამოყვანა იყო.

„ჩემი მთავარი მიზანი იყო ამ ორ ურთულეს დღეში გუნდი მომემზადებინა, ხალისი და შემართება დაგვებრუნებინა. ამ დღეების მანძილზე ჩემი ფიქრი არ ყოფილა იმისკენ, დავრჩებოდი თუ არა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად. ამ ეტაპზე 19 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ვარ, ჩემს ქვეყანას დავჭირდი და აქ ვარ", – აღნიშნა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალი 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართა და 0-1 დამარცხდა. ამის შემდეგ ჩვენმა გუნდმა ასევე წააგო (1:2) სომხეთის ეროვნულ ნაკრებთანაც (C დივიზიონის ქვეჯგუფში).

ეროვნულ გუნდს ესტონეთთან მატჩამდე კიდევ ორი ფეხბურთელი გამოაკლდა

ამ ორი თამაშის შემდეგ ვლადიმერ ვაისმა მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პოზიცია ესტონეთთან მატჩის წინ დროებით რამაზ სვანაძემ ჩაიბარა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის გათამაშების C დივიზიონის ქვეჯგუფში ასპარეზობა ესტონეთთან ნულოვანი საყაიმო ანგარიშით დაასრულა და შვიდი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. აღნიშნული ჯგუფიდან პირველ ადგილზე სომხეთი გავიდა, რომელმაც ბოლო ტურში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს 1-0 მოუგო და B დივიზიონში დაწინაურდა.

გუშინ ჩატარებული შეხვედრებით ერთა ლიგის მიმდინარე ციკლი დასრულდა.