მოქმედების გეგმა ოპოზიციისთვის: პარლამენტი ყოფნა–არყოფნის ზღვარზე

როგორც მოსალოდნელი იყო, დასავლეთმა მაინცდამაინც ვერ გაუგო ბოიკოტი და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების იდეა ოპოზიციას...
Sputnik

მაიკლ პომპეო მათ არც შეხვდა და ელჩისა და თანაშემწის პირით შემოუთვალა - პარლამენტში შედით და ისე გააგრძელეთ პოლიტიკური ბრძოლაო. აი, ამ დროს უკვე გაიყო ოპოზიციის პოზიციები.

საქმე ისაა, რომ მისი ერთი ნაწილი კატეგორიულად არ ეთანხმება ამომრჩევლის შეურაცხყოფისა და საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის დერეფნების“ მოწყობის იდეას. ამაზე ცალსახად უარი განაცხადეს „ლელოს“ წარმომადგენლებმა, ალეკო ელისაშვილმა, გიორგი ვაშაძემ.

მოსაზრება: რა მოხდება, თუ ვერ შედგება დიალოგი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის

ძალიან საინტერესო და პასუხისმგებლიანი პოზიცია გამოაქვეყნა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. ამომრჩეველს კი არა, ჩვენ უნდა გვრცხვენოდეს, ოთხი წლის განმავლობაში რომ ვერ დავარწმუნეთ ისინი, რომ ღირდა ამ ხელისუფლების შეცვლაო. უსუფაშვილი მართალია, თუმცა ისიც სიმართლეა, რომ ეს ამომრჩეველიც მაინდამაინც კეთილშობილ ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული არაა, დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს და ხშირად ქვეყნის კი არა, საკუთარი მერკანტილური ინტერესების გამო აძლევს ხმას. თავის დროზეც, გარდა სამართლებრივი საკითხებით აღშფოთებისა, ივანიშვილის სიმდიდრეს და მისგან გამომდინარე სარგებელს ბევრი შეჰყურებდა იმედის თვალით, მერე ზოგი შესწვდა ძეხვს, ზოგი ვერა და პარასკევს დააბრალა...

შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში?

მოკლედ, სიტუაცია ისე ლაგდება, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ შეძლოს და რამდენიმე ოპოზიციური დეპუტატი მაინც შეიტყუოს პარლამენტში. ისინი, ვინც თავიდანვე მის სატელიტებად მოიაზრებოდნენ, ამ რიცხვში საერთოდაც ვერ მოხვდნენ. ასე რომ, ახლა ხელისუფლება ჯერ მეორე ტურების ჩატარებაზე იზრუნებს, შემდეგ კი – პარლამენტის შეკრებაზე დეკემბრის დასაწყისში. სხვა რომ არა იყოს რა, ჯერ ბიუჯეტი, შემდეგ კი მთავრობაა დასამტკიცებელი. ზოგადად კი, როგორც ჩანს, მე-10 მოწვევის პარლამენტს ლეგიტიმაციის პრობლემა ექნება.

ცალსახად ნაფიქრი და დესტრუქციული პოზიცია აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილს. ჟურნალისტმა ელისო კილაძემ პოსტის სახით შემოგვთავაზა კიდეც ეს გეგმა. მისი თქმით, ყველა ოპოზიციური პარტიის სიის ყველა ნომერმა უნდა დაწეროს განცხადება დეპუტატობაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, მართალია, „ქართული ოცნების“ 76 დეპუტატი სხდომას გახსნის, მაგრამ ცესკოს აღარ ეყოლება 100 დეპუტატი, ანუ პარლამენტის წევრთა 2/3, რომლის უფლებამოსილებას ცნობს და, შესაბამისად, ეს პარლამენტი ვეღარ იქნება უფლებამოსილი – მიიღოს გადაწყვეტილებები. აი, ასეთ გეგმას სთავაზობს, როგორც ჩანს, სააკაშვილის ერთგული დაჯგუფება ოპოზიციას, თუმცა რამდენად დაითანხმებენ ყველა ოპოზიციური პარტიის სიის ყველა წევრს, ეს კიდევ საკითხავია...

მრავალპარტიული არჩევნები მრავალეროვან საქართველოში, ანუ არჩევანის თავისუფლების ხარისხი

და ახლა მთავარი ბრძოლა ამ ორი კვირის განმავლობაში სწორედ იმ რამდენიმე ადამიანის გადასაბირებლად გაიმართება, ვინც პარლამენტის ყოფნა-არყოფნის საკითხს გადაწყვეტს. ზოგადად კი მე-10 მოწვევის პარლამენტში რატომღაც ყველაფერი აი, ასე – ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ითამაშებს...

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას