თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის დაამტკიცა იმ ამომრჩევლების სპეციალური სიები, რომლებიც სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში იმყოფებიან, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
ცესკომ არჩევნების მეორე ტურისთვის 8,6 მილიონი ლარი გამოყო>>
არჩევნების მეორე ტურისთვის სპეციალურ სიაში 4 095 ამომრჩეველია, მათ შორის არიან თავად სპეციალური ჯგუფების წევრებიც, რომლებიც მოემსახურებიან იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დააკვირდებიან პროცესს და ამავე დროს კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას.
იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები 20 ნოემბერს მიიღებენ ტექსტურ შეტყობინებას იმის თაობაზე, რომ დადასტურებულია მათი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით. სულ შექმნილია 80 სპეცუბანი, რომლებიც ამომრჩევლებს 145 გადასატანი ურნით მოემსახურებიან.
ცესკოს ცნობით, საინფორმაციო ცენტრს გადასატანი ურნის მოთხოვნით იზოლაციაში მყოფმა 2.360-მა მოქალაქემ მიმართა. აქედან 985-მა დააკმაყოფილა კრიტერიუმები და ისინი გადანაწილდებიან იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც არჩევნების მეორე ტური ტარდება.
- „ცესკოს განკარგულებით დამტკიცდა ამომრჩეველთა სპეციალური სიები და აღნიშნული ამომრჩევლების რაოდენობის შესაბამისად დაიბეჭდება ბიულეტენები, რომლებიც კენჭისყრის დღემდე საქართველოს მასშტაბით ყველა სპეციალურ უბანს მიეწოდება“, – აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.
ვინ, სად, როდის: ცესკომ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა>>
თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში დარეკვისა და გადასატანი ყუთის მოთხოვნის შესაძლებლობა 15-17 ნოემბერს ჰქონდათ. ამომრჩევლების ინფორმირების მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო კამპანია აწარმოა სოციალური ქსელებისა და მასმედიის საშუალებით.