VII საუკუნის ატენის სიონის ტაძრის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 1.3 მლნ ლარია
Sputnik

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატენში, სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

დასრულებული სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ნიკოლოზ ანთიძესთან და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან სიმონ გულედანთან ერთად დაათვალიერა.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 1,3 მლნ ლარია.

პროექტი ითვალისწინებდა საფეხმავლო ბილიკის მოწყობას, საზოგადოებრივი საპირფარეშოებისა და ავტოსადგომის მშენებლობას.

სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსში ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების და მომლოცველების რაოდენობა მუდმივად მატულობს, მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა კი ვეღარ აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნას. პროექტის დასრულების შემდეგ კი სრულად მოწესრიგდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც რეგიონში  ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

სამუშაოები 2019 წლის სექტემებრში დაიწყო.

ატენის სიონი VII საუკუნის პირველ ნახევარში აიგო. ტაძარი რამდენიმეჯერ არის გაძარცვული დამპყრობლების მიერ. შემოსევებს გადაურჩა 1080 წლით დათარიღებული კედლის წარწერები, ასევე შემორჩენილია ხანძრის კვალი - შაჰ-აბას I-ის ლაშქრობის დროს ტაძარში კოცონი დაანთეს.