თბილისი, 18 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში ჰოსპიტალურ სექტორზე კორონავირუსით ინფიცირებულთა ძალიან დიდი წილი მოდის, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს, აცხადებენ ქართველი ინფექციონისტები.
მიღებულია, რომ ინფიცირებულების 15-20% მკურნალობას ჰოსპიტალურ სექტორში გადიოდეს, ჩვენთან ეს რიცხვი 37%-მდეა, რასაც ალბათ ვერ გაუძლებს ვერც ერთი ქვეყანა, განაცხადა ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკურ ჯგუფს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ჰოსპიტალების გადატვირთულობის გამო კლინიკური მართვის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზები და მათზე შესაბამისი რეაგირების მექანიზმები განიხილეს.
გადელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა შედარებით მსუბუქმა პაციენტმა იმკურნალოს სახლის, ან კოვიდსასტუმროს პირობებში, რისი საშუალებაც ქვეყანას აქვს.
„ქვეყანაში არის ძალიან მაღალი თანაფარდობა ჰოსპიტალურ სექტორში მყოფ პაციენტებსა და ბინაზე, ან კოვიდსასტუმროებში მყოფ ადამიანებს შორის. ძალიან გვინდა, ეს რაოდენობა გადანაწილდეს. საქართველოში ადამიანებს აქვთ საშუალება იმკურნალონ კოვიდსასტუმროებში, სადაც არის ელემენტარული თერაპიული მეთვალყურეობის საშუალება“, – განაცხადა დავით გადელიამ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემაც და აღნიშნა, რომ საქართველოში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რაც განსხვავდება წამყვანი ევროპული ქვეყნებისგან.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მოსახლეობას კარგად იყოს ინფორმირებული, რომ ყველა კოვიდ-პაციენტისათვის აუცილებელი არ არის ჰოსპიტალში ყოფნა და მკურნალობა ბინაზე, ან კოვიდ-სასტუმროებში საშიშროებას არ წარმოადგენს.
„საჭიროა სერიოზული მუშაობა, რათა ჩვენ მოსახლეობას განვუმარტოთ, რომ საშიშროებას არ წარმოადგენს და აუცილებელი არ არის, იყო ჰოსპიტალში იმისათვის, რომ შენი დაავადება მართო. შესაძლებელია იყო ბინაზე, ან კოვიდ-სასტუმროში განხორციელდეს ეს. ასეთი მიდგომით დავიცავთ იმ ადამიანებს, ვისაც მართლა ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია და 24-საათიანი მეთვალყურეობა საავადმყოფოში“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა.
აღსანიშნავია, რომ ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 17 086 აქტიური შემთხვევიდან კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5 763 პაციენტი, 3 435 პირი არის კოვიდსასტუმროში, ხოლო ბინაზე 7 888 პაციენტი მკურნალობს (აქტიური შემთხვევების 46%).
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 89 395-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.