ფილმი „ქართული ფეხბურთის ტრიო“ მილანის ფესტივალის გამარჯვებულია

ესაა ისტორია ფეხბურთელი ძმების ქართულ ტრიოზე – რევაზ, შოთა და არჩილ არველაძეებზე, რომლებმაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჯამში 104 მატჩი ითამაშეს.
Sputnik

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმი „ქართული ფეხბურთის ტრიო“ მილანის სპორტული კინოს საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია.

ფესტივალი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ აღიარებული სპორტული კინოსა და ტელევიზიის საერთაშორისო ფედერაციის მიერ არის ორგანიზებული.

არველაძემ „ფახთაქორი“ აზიის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გაიყვანა

კინოფესტივალის ჟიური განსაზღვრავს გამარჯვებულებს ნომინაციებში: ოლიმპიური თამაშები, დოკუმენტური ფილმები, ტელეგადაცემები და ახალი ტექნოლოგიები, სპორტი და საზოგადოება, მხატვრული ფილმები, სპორტული რეკლამა, ფილმები და ტელეგადაცემები ფეხბურთზე.

ფილმში „ქართული ფეხბურთის ტრიო“ მოთხრობილია მსოფლიოში ცნობილი ძმები არველაძეების ისტორია, რომლებიც ერთდროულად თამაშობდნენ ერთ გუნდში. რევაზ, შოთა და არჩილ არველაძეებმა საქართველოს ნაკრებში ჯამში 104 მატჩში ითამაშეს, ხოლო შოთა კვლავ ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 26 გოლით.

ფესტივალში 123 ქვეყანა მონაწილეობდა. თორაძის ნამუშევარი მილანის ფესტივალზე მეორედ იყო წარდგენილი. პირველ წარმატებას ქართველმა რეჟისორმა 2013 წელს მიაღწია ფილმით, რომელშიც ქართული ფეხბურთის ისტორიაა ასახული.