თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდა განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, ამის შესახებ РИА Новости წერს.
ბოლო მონაცემებით, რუსეთში ეპიდემიის დროს კორონავირუსით 1 991 998 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 34,3 ათასი გარდაიცვალა, 1,5 მილიონზე მეტი გამოჯანმრთელდა. გასულ დღე-ღამეში გამოვლინდა 20 985 დაავადებული, 456 პაციენტი გარდაიცვალა (გაზაფხულიდან რეკორდული მაჩვენებელი), 25 179 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
„დაავადების გამოვლენის ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება, ამას რიცხვები მოწმობს. სამწუხაროდ, იზრდება მძიმე გართულებების რაოდენობაც. და რაც ყველაზე საგანგაშოა, იმატებს სიკვდილიანობის მაჩვენებელი“, - განაცხადა მან მთავრობის წევრებთან გამართულ თათბირზე.
ამასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მეთაურმა რეგიონებს დაავალა:
- დაუყოვნებლივ მოხდინონ რეაგირება კორონავირუსთან ბრძოლაში შექმნილ შეფერხებებზე და სასწრაფოდ გამოასწორონ სიტუაცია;
- გაანალიზდეს სიტუაცია, რომელიც რეგიონებში იმ პაციენტებს ეხება, რომლებიც კორონავირუსზე სახლში მკურნალობენ;
- გადაწყდეს პაციენტების პოლიკლინიკებთან კავშირის საკითხი;
- განხორციელდეს COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატების არამარტო წარმოება და შეძენა, არამედ პაციენტებისთვის მიწოდება;
- უზრუნველყოფილი იქნას დამატებითი გადახდები წლის ბოლომდე სამედიცინო დაწესებულებების იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. აღნიშნულმა გადახდებმა შესაძლოა თვეში ათი ათასი რუბლი შეადგინონ;
- ამოქმედდეს უმსხვილესო რუსული კომპანიების გამოცდილება, „როსატომის“ ჩათვლით;
- რეგიონებში წლის ბოლომდე კონტროლს დაექვემდებაროს სოციალური დახმარების გაცემა.
პუტინმა ასევე მოუწოდა გუბერნატორებს თავი შეიკავონ იმ მონაცემების „შელამაზებისგან“, რომლებიც კორონავირუსს უკავშირდება.
„ეს სრულიად დაუშვებელია - სიტუაცია ისე წარმოაჩინო, თითქოს ყველაფერი კარგადაა. კეთილგანწყობილი ანგარიშები, გაჩუმება არავის სჭირდება - არც აქ, არც ცენტრში, არც რეგიონებში“, - აღნიშნა პუტინმა.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა სუბიექტები ძალიან ნელა ითვისებენ მათთვის გამოყოფილ თანხებს, შექმნილ სიტუაციაში კი ასეთი მოუქნელობა დაუშვებელია, საჭიროა ხისტი მოქმედებები.