თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. საქართველოდან 4 709 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებაც 2 მლნ აშშ დოლარია, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
უწყების ცნობით, 1 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 11-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 1,8 მლნ აშშ დოლარითაა გაზრდილი.
წელს ვაშლის ექსპორტი ძირითადად რუსეთში განხორციელდა, სადაც 4 550 ტონა ვაშლი გავიდა. ქართული ვაშლი ასევე ექსპორტირებულია ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.
სამინისტროს ინფორმაციით, დარგის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად საქართველოში წელს ვაშლის უხვი მოსავალია – ვაშლის საპროგნოზო მოსავალი წინა წელთან შედარებით სამჯერ არის გაზრდილი და 120 ათას ტონაზე მეტს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები საქართველოს მასშტაბით 1 128 ჰექტარზე გაშენდა.
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.
საქართველოდან 41 მილიონი დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა>>
პროგრამას „დანერგე მომავალი“ სოფლის განვითარების სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მათი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.