ლოკდაუნს ჩვენი ეკონომიკა ვერ გაუძლებს, წერტილოვანი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს – იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ამ დროისათვის ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები საკმარისი აღარ არის.
Sputnik

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. „ლოკდაუნს“ საქართველოს ეკონომიკა ვერ გაუძლებს, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს, რათა მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ ამ ომიდან, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების შეხვედრის შემდეგ.

გიორგი გახარია ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა>>

იმნაძის განცხადებით, ამ დროისათვის ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები საკმარისი აღარ არის. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტების თვალსაზრისით, ყველა ინტელექტუალური რესურსის გამოყენებაა საჭირო.

„ყველა შეთანხმებული ვართ, რომ ის შეზღუდვები, რაც არის ქვეყანაში, საკმარისი აღარ არის ამ სიტუაციაში. საჭიროა, ასე ვთქვათ, მეტი წერტილოვანი შეზღუდვის დაწესება. ჩვენ უბრალოდ ახლა არ შეგვიძლია, რომ „ლოკდაუნი“ გამოცხადდეს, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყანაში რამდენიმე ახალი წერტილოვანი შეზღუდვა უკვე ამოქმედდა.

ექსპერტთა ჯგუფი: საქართველოს დრამატული პერიოდი ელოდება

კერძოდ, 9 ნოემბრიდან საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში იკრძალება როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტით გადაადგილება; ამავე ქალაქებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, პირბადის ტარება აუცილებელია არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც და ა.შ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.117-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 85.952-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 68.929 ადამიანი, გარდაიცვალა 778 პაციენტი.