ცესკომ არჩევნების მეორე ტურისთვის 8,6 მილიონი ლარი გამოყო

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 17 ოლქში გაიმართება, მაგრამ ოპოზიციამ უკვე განაცხადა, რომ მასში მონაწილეობას არ მიიღებს.
Sputnik

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე 8,6 მლნ ლარს დახარჯავს, ნათქვამია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დადგენილებაში.

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 17 ოლქში გაიმართება.

ცესკო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განმარტავს

დადგენილებაში გაწერილია, თუ რის დაფინანსებას მოხმარდება საბიუჯეტო სახსრები. თანხის ნახევარზე მეტი – 4,6 მლნ ლარი განკუთვნილია შრომის ანაზღაურებაზე, 2,6 მლნ ლარი კი სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე.

არჩევნების მეორე ტური იქნება თუ არა კონკურენტული, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგანაც ოპოზიცია არ აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და პროტესტის ნიშნად უარს აცხადებს როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ეს არის დესტაბილიზაციისა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვის მცდელობა.