აფეთქება თბილისში – რა მოხდა ბესიკის ქუჩაზე

აფეთქების ადგილზე ხანძრის კვალი არ შეინიშნება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
Sputnik

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, ბესიკის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

უწყების ინფორმაციით, მისამართზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მათი წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლის წინა ფასადის კედელი ჩამოიშალა.

ადგილზე არ ფიქსირდება ხანძრის გაჩენის კვალი. ამ დროისათვის მიმდინარეობს შენობის დათვალიერება.

არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამსახური.