ვლადიმერ ვაისმა ნაკრები უკვე დატოვა – ცნობილი გახდა მისი შემცვლელი ესტონეთთან მატჩზე

გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმერ ვაისთან შეთანხმების შემდეგ მიიღო. ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე გუნდს დროებით ქართველი მწვრთნელი უხელმძღვანელებს.
Sputnik

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. ვლადიმერ ვაისმა თანამდებობა ნაადრევად დატოვა. ერთა ლიგის გათამაშების C დივიზიონის ბოლო მატჩში, სადაც საქართველოს ნაკრები ესტონეთს შეხვდება, გუნდს სათამაშოდ რამაზ სვანაძე გაიყვანს. განცხადებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმერ ვაისთან შეთანხმებით მიიღო საქართველოსა და სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ.

ვლდიმირ ვაისი: წაგების შემდგომი ღამე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე იყო

ერთა ლიგის გათამაშების დასკვნით მატჩში, რომელიც საქართველოსა და ესტონეთს შორის 18 ნოემბერს გაიმართება, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის მოვალეობას 39 წლის რამაზ სვანაძე შეასრულებს. სვანაძე ნაკრებში დროებით, ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე იმუშავებს.

რამაზ სვანაძე პარალელურად საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს.

ფედერაციაში აცხადებენ, რომ ახალი მწვრთნელის ძიება უკვე მიმდინარეობს და კანდიდატი უახლოეს მომავალში შეირჩევა.

სლოვაკი სპეციალისტი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს 2016 წლის მარტიდან წვრთნის. ამ დროის განმავლობაში მისი მეთაურობით ეროვნულმა გუნდმა 47 შეხვედრა გამართა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მატჩში სომხეთთან დამარცხდა>>

აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.

მან ვლადიმერ ვაისსა და სამწვრთნელო შტაბს ხუთწლიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. იაშვილმა ასევე ისაუბრა 18 ნოემბერს ესტონეთთან გასამართ მატჩზე, ახალ მწვრთნელსა და საქართველოს ნაკრების მომავალზე.

ვლადიმერ ვაისი საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას ტოვებს

„რამაზ სვანაძე, რომელიც ჩვენს გუნდს ესტონეთთან შეხვედრაში უხელმძღვანელებს, 19 წლამდელთა ნაკრებში საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს. მოგეხსენებათ, რომ მარტში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ახალი ციკლი დაიწყება და ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა მთავარი მწვრთნელის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ მარტის თამაშისთვის საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება, რომელიც წარმატებას მოუტანს“, – განაცხადა იაშვილმა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ასევე მადლობას უხდის გაწეული სამსახურისთვის სლოვაკ მწვრთნელთა ჯგუფს ბორის კიტკას, ჯოზეფ კონტირის და რომან შვანტნერს. ეს სპეციალისტები საქართველოს ნაკრებში ვლადიმერ ვაისთან ერთად მუშაობდნენ.

ვლადიმერ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების D დივიზიონის გამარჯვებული გახდა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი-ოფის ფინალში ითამაშა, თუმცა ეს შეხვედრა წააგო.