ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი და უზბეკური „ფახთაქორის“ მწვრთნელი შოთა არველაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მორიგ ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის, მისი ძმა აჩი არველაძე და გოჩა ტყებუჩავა ავტომობილში ერთად მღერიან სიმღერას „საქართველო, ლამაზო“.
გოჩა ტყებუჩავა „ფახთაქორში“ შოთასთან ერთად მუშაობს.
ვიდეოს უკვე 38 000 მოწონება და ათასობით კომენტარი აქვს. ისტორიული მატჩის შემდეგ იმედგაცრუებული გულშემატკივრები ფეხბურთელებს საქართველოში დაბრუნებას და ქართულ ფეხბურთში ჩართვას სთხოვენ.
როგორც მოგეხსენებათ, ვლადიმერ ვაისმა გუნდიდან წასვლა დააანონსა, ასე რომ, ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოზიცია ვაკანტურია. გუშინ შოთა არველაძემ Match TV-სთან ინტერვიუში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩატარებული შეხვედრა შეაფასა. კითხვაზე, განიხილავს თუ არა შოთა არველაძე აღნიშნულ პოსტზე საკუთარ კანდიდატურას, უპასუხა, რომ მას საკმაოდ მყარი გადაწყვეტილება აქვს.
„საქართველოში ასე ხდება. ერთი იმედგაცრუება და გმირიდან ანტიგმირის სტატუსის მორგება გიწევს. ჩვენს ქვეყანაში გაცილებით უფრო მარტივია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო, ვიდრე ნაკრების მწვრთნელი“, – განაცხადა არველაძემ.