მოსაზრება: რა მოხდება, თუ ვერ შედგება დიალოგი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ამერიკისა და ევროკავშირის ინიციატივით დაწყებული მოლაპარაკებები გრძელდება, პარალელურად სულ უფრო მყარდება ოპოზიციის გადაწყვეტილება, რომელიც კატეგორიულ უარს აცხადებს ხმების გადათვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე.
Sputnik

თუმცა მოვლენების განვითარებას აქვს თავისი ლოგიკა და ის დაახლოებით ასე გამოიყურება: ხვალ და ზეგ საქართველოში აშშ-ის მოქმედი, მაგრამ წარმავალი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის მაიკლ პომპეოს ვიზიტი შეუძლია ნაყოფიერად გამოიყენოს როგორც ოპოზიციამ, ასევე ხელისუფლებამ.

არსებულ ვითარებაში ხმების გადათვლა, მეორე ტურში რამდენიმე ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება და მოვლენების კონსტრუქციული განვითარება საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს არ მოხდება. ანუ, მიუხედავად ობიექტურად არსებული პრობლემებისა, ცხადია, რომ ხელისუფლება არჩევნების მეორე ტურს ჩაატარებს და მოიგებს კიდეც. რეალურად მოგების თეორიული შანსი ისედაც ოპოზიციის 2-3 კანდიდატს თუ გააჩნდა. თუმცა ბრძოლას უკვე არ აპირებენ ის კანდიდატებიც, რომლებსაც სახელისუფლებო კანდიდატთან შედარებით, ასე თუ ისე, მცირე მორალური უპირატესობა ჰქონდათ...

შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში?

როგორც ჩანს, 21 ნოემბერს მშვიდ ატმოსფეროში, თუმცა აქციების ფონზე ჩაივლის 17 ოლქში არჩევნების მეორე ტური. არც შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებაა დიდად მოსალოდნელი. დეკემბერში კი უმრავლესობა პარლამენტში შეიკრიბება და მათ გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ზუსტად 76 ხმა ექნებათ. 

აღსანიშნავია, რომ ხმების გადათვლაზე უარს და, ზოგადად, სრულ დესტრუქციას დასავლეთი ოპოზიციას ვერ გაუგებს. მათთვის გასაგები იქნებოდა, ოპოზიციას მეორე ტურში რომ ებრძოლა და დაემატებინა გარკვეული რაოდენობის მანდატები. ასევე გაუგებდა დასავლეთი ოპოზიციას იმას, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან ებრძოლა ბიუჯეტის, კანონპროექტებისა თუ თავისუფალი სიტყვისათვის. მაგრამ, როგორც ჩანს, ბულინგის გამო ისინიც კი, ვისაც ძალიან უნდა, პარლამენტში შესვლას ვერ გაბედავენ.

სააკაშვილი ვარდების რევოლუციის გამეორებას გეგმავს? მოვლენების განვითარების სამი სცენარი

მოიტანს თუ არა ქუჩის აქციები შედეგს? დიახ! შეუქმნის დისკომფორტს ხელისუფლებას? დიახ! ცუდია, რომ ქუჩაში გაიყინება ხალხი და კიდევ უფრო დამძიმდება ის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც დღესაა...

მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, დღეს ყველა თანხმდება, რომ საქართველოში რევოლუციის არც განწყობა არსებობს, არც პოტენციალი და არც ლიდერი, რომელსაც ხალხი გაჰყვებოდა. ამიტომაც ძალიან ცდება ოპოზიცია, როცა დიალოგსა და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. იმედია, ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის უკეთ მოემზადებიან და სწორედ ბიულეტენებით შეძლებენ გამარჯვების მოპოვებას. დასავლელ პარტნიორებამდე მათ ქართველი ხალხი უნდა დაარწმუნონ, რომ ქვეყნის მართვა შეუძლიათ.

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებას