თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. მოქალაქეებს, რომლებიც პანდემიასთან დაკავშირებით კომუნალური გადასახადების სუბსიდიას იღებენ, მაგრამ ამ მომსახურებაზე უარის თქმა სურთ, შეუძლიათ შესაბამისი განცხადება შეიტანონ, ნათქვამია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის განცხადებაში.
ახალი შეღავათები მოსახლეობისთვის: მთავრობა კიდევ ოთხი თვის კომუნალურ გადასახადს დაფარავს>>
საქართველოს მთავრობამ, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში კომუნალურ მომსახურებაზე შეღავათების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. სუბსიდირება მოხდება პრინციპით – 200 კილოვატ/საათი ელექტროენერგია და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული. შეღავათებზე უარის თქმისთვის განაცხადის შეტანისთვის ინტერნეტში სპეციალური პლატფორმა შეიქმნა.
„იქიდან გამომდინარე, რომ კომუნალური შეღავათი გათვლილია ოთხი თვის (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) განმავლობაში მოხმარებულ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე, მოქალაქეებს შეუძლიათ კომუნალურ შეღავათებზე უარი დააფიქსირონ როგორც ყოველთვიურად – ყოველ თვეზე ცალ-ცალკე, ასევე ერთიანად, ოთხივე თვეზე“, – აცხადებენ კომპანიაში.
აბონენტების რაოდენობა, რომლებიც ყოველთვიურად 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1,2 მილიონია. სახელმწიფო ამ მოქალაქეების კომუნალური მომსახურების გადასახდელად 1,7 მლნ ლარს გამოყოფს.
ასევე საქართველოში 200 კუბურ მეტრამდე ბუნებრივ აირს თვეში მოიხმარს 670 ათასი აბონენტი. მათი მომსახურებისთვის სახელმწიფო 27 მლნ ლარს გამოყოფს.