სამსონ ხონელი
საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი რამდენიმე თვეა იზრდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73.650 ადამიანით გაიზარდა. თუ 2019 წლის სექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 428.608-ს შეადგენდა, 2020 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი უკვე 502.258 იყო.
ასევე გაზრდილია სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობაც, ანუ იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც თვლის, რომ გაჭირვებულია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, 2019 წლის სექტემბერში ასეთი ადამიანების რიცხვი 935.190-ს, ხოლო ამ წლის სექტემბერში 979.850-ს შეადგენდა.
რატომ, რამ განაპირობა საარსებო შემწეობის როგორც მიმღები, ისე მიღების მსურველი მოქალაქეების რაოდენობის საგრძნობი ზრდა? ეკონომიკის ექსპერტთა აბსოლუტური უმრავლესობა კითხვას მარტივად პასუხობს. მათი შეფასებით, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულმა გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოს ისედაც მცირე ეკონომიკა კიდევ უფრო დაასუსტა, რაც მოსალოდნელიც იყო. ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული მასშტაბური თუ წერტილოვანი შეზღუდვების შედეგად ათასობით მოქალაქემ შემოსავალი დაკარგა. მათ შორის ძალზე დიდია თვითდასაქმებულთა, ანუ იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც მომსახურებითა თუ საცალო ვაჭრობით იყვნენ დაკავებული. ეკონომისტები, ფინანსისტები, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პანდემიამ კიდევ უფრო მკაფიოდ დაგვანახა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სისუსტე. შექმნილი ვითარება მძიმეა. კომპანიები გაძლებაზე, მომავლის იმედად არიან. კომპანიების უმრავლესობამ ბანკებიდან დამატებითი ფინანსური რესურსები მოიზიდა. ბოლო თვეების განმავლობაში ბანკებიც ზარალზე არიან. ასეთია კერძო სექტორის რეალობა.
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია: „არსებული მოცემულობა ათობით კომპანიის დახურვას გამოიწვევს. უკვე ნოემბრის შუა რიცხვებია და ჯერ კიდევ არ ვიცით, ჩვენი სექტორისთვის გაგრძელდება თუ არა საშემოსავლო გადასახადის შეღავათი, რომლის ვადაც ამ თვის ბოლოს იწურება. დარტყმა, რომლის წინაშეც ახლა ჩვენი სექტორია, გამოიწვევს ათობით კომპანიიდან 2-3 მონოპოლისტის გადარჩენას, რაც ბუნებრივად ნიშნავს ბაზარზე მაღალ ფასს. ახლა მცირე და საშუალო კომპანიები გაკოტრების პირას დგანან და საეჭვოა რამდენად გადაიტანენ ამ ზამთარს. ბოლო წლების განმავლობაში არაფერი გაკეთებულა და ვართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ეს არის ჩვენი ეკონომიკის სახე“.
ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე ნეგატიურ პროცესებზე ექსპორტ-იმპორტის გაუარესებული მაჩვენებლებიც მიანიშნებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის ათ თვეში საქართველოდან საქონლის ექსპორტი 11.1 პროცენტით, იმპორტი კი 16.6 პროცენტით შემცირდა. როგორც „საქსტატი“ იუწყება, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9.15 მილიარდი დოლარი შეადგინა – გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15 პროცენტით ნაკლები. აქედან ექსპორტი 2.71 მილიარდი დოლარი, ხოლო იმპორტი 6.44 მილიარდი დოლარი იყო. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში 3.72 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტია. საგარეო ვაჭრობის უფრო დეტალურ მონაცემებს „საქსტატი“ რამდენიმე დღეში გამოაცხადებს და ამ საკითხს კვლავ დავუბრუნდები.
საკამათო არ არის, გლობალურ პანდემიას ნეგატიური გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკის ისეთ მნიშვნელოვან სექტორზე, როგორიც ტურიზმია. მართალია, მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის წილი მხოლოდ 8 პროცენტია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მის თანმდევ ეფექტს ეკონომიკის სხვა სფეროებზე, დავრწმუნდებით, რომ ტურიზმის როლი ქვეყნის ეკონომიკაში გაცილებით დიდია. არადა, მიმდინარე წლის განმავლობაში ტურიზმიდან შემოსავალი ქვეყანას თითქმის 95 პროცენტით შეუმცირდა. შესაბამისად, ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება შემცირდა. არსებულ ვითარებაში ლოგიკური, სამართლიანია ანალიტიკოს მერაბ კაკულიას მინიშნება, რომ ქვეყნის ეკონომიკის უდიდესი წილი მხოლოდ ერთ სექტორს, ანუ ტურიზმს არ უნდა ეკავოს.
დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ყველაზე მეტად ეროვნულ ვალუტაზე აისახა. მიმდინარე წლის განმავლობაში ლარი დოლარის მიმართ 12 პროცენტით გაუფასურდა. ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნამ, არასტაბილურობამ თავის მხრივ ინფლაციის ზრდა გამოიწვია. საგრძნობლად მოიმატა ფასებმა სურსათსა და პირველადი მოხმარების საგნებზე. ერთი სიტყვით, ცხოვრება გაძვირდა. ექსპერტ-ანალიტიკოსებს შორის არსებობს მოსაზრება, რომ მაღალი ინფლაციის დროს მაღალია ეკონომიკური ზრდის ტემპი, თუმცა საქართველოს მაგალითზე ასე არ არის. ეს განპირობებულია როგორც დოლარიზაციის ფაქტორით, ასევე იმით, რამდენად აქვს ეკონომიკას ჩანაცვლების უნარი. რამდენად მოჰყვება კურსის ზრდას ექსპორტის ზრდა და იმპორტის ჩანაცვლება. რაც ასევე არ ხდება.
„თუ მაინც იარსებებს არჩევანი – „3 პროცენტი ინფლაცია თუ 5-6 პროცენტი ეკონომიკური ზრდა“, მე მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს ინფლაციას დავუჭერდი მხარს“, − აცხადებს „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი, ექსპერტი ოთარ ნადარაია და დასძენს, რომ წლევანდელი ინფლაცია სამიზნე ნიშნულზე ბევრად მაღალი იქნება, რაც დიდი პრობლემაა, რადგან ლარის კურსის სტაბილურობის გარეშე ფასების სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული, ეს აქსიომაა.
როგორია უახლოესი მომავლის პერსპექტივა? როგორც ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან მერსედეს ვერა მარტინთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან კობა გვენეტაძესთან გამართული ვიდეოკონფერენციისას განაცხადა, 2021 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტენდენციები მაღალი ტემპებით აღდგება. მისი შეფასებით, კორონავირუსის გავრცელებამ მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიოს ეკონომიკური ცხოვრება, რამაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასაც უდიდესი დარტყმა მიაყენა. 2020 წელს ქვეყანაში ეკონომიკური კლება მოსალოდნელია 4.5-5.0 პროცენტის ფარგლებში. არადა, ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანა მუდმივად ინარჩუნებდა ეკონომიკური ზრდის მაღალ, ხუთპროცენტიან ნიშნულს. ივანე მაჭავარიანის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ პანდემიამდე პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული მაკროეკონომიკური პოლიტიკა დადებითად შეაფასა.
„მისიის მიერ პოზიტიურად არის შეფასებული ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებებიც. ჯამში ჩვენ კერძო სექტორს შევთავაზეთ 1.5 მილიარდ ლარამდე მხარდამჭერი პაკეტები. აღნიშნულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკის გამოცოცხლებას და გადაარჩინა ჩვენი ეკონომიკის არაერთი სისტემური დარგი, ამ შემთხვევაში აღვნიშნავდი მშენებლობის სექტორს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პერსპექტივასთან დაკავშირებით ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ უკვე 2021 წლიდან ეკონომიკური ზრდის ტემპი მინიმუმ 4.3 პროცენტი, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში – 5.5 პროცენტი იქნება. მისი თქმით, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია არა მარტო რეგიონში, არამედ ევროპაშიც. ივანე მაჭავარიანმა მიუთითა საერთაშორისო სავალუტო მისიის შეფასებაზე, რომ პანდემიის მიერ მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად მნიშვნელოვანია სტრუქტურული რეფორმების განხორციელება.
სტატიის დასასრულს მკითხველს გავახარებ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელი მისია მხოლოდ პოზიტიური დასკვნით არ შემოიფარგლა, ავტორიტეტულმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციამ საქართველოს ფინანსური მხარდაჭერისთვის 112 მილიონი დოლარი გამოუყო. ექსპერტთა შეფასებით, ხელისუფლებამ სწორი და დროული მოქმედებით შეძლო პანდემიის შემოტევის ნეგატიური სოციალური და ეკონომიკური გავლენების შეკავება.
ანალიტიკოსი იოსებ არჩვაძე: „კრიზისის დაძლევისა და პოსტკრიზისული განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს საჯარო და კერძო სექტორში რეფორმების თანმიმდევრულ ხასიათს, რასაც მიესალმება და დადებითად აფასებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი... პანდემიით გამოწვეული მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მკვეთრი გაუარესების ვითარებაში ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის შემცირების მასშტაბები მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდნენ ეკონომიკის ვარდნის მასშტაბებს, რაშიც განმსაზღვრელი როლი მთავრობის სოციალურმა პოლიტიკამ, მათ შორის სახელფასო სუბსიდიებმა და ბიზნესისთვის შემოღებულმა დროებითმა საგადასახადო შეღავათებმა შეასრულა... საქართველოსთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით გამოყოფილი 112.1 მილიონი დოლარი არა მხოლოდ ხელისუფლების მიერ გატარებული თანმიმდევრული სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის დადებით შეფასებაა, არამედ ამ ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ მონეტარული ფორმით განხორციელებული ინსტიტუციონალიზებული ბონუსია“.
საინტერესოა, რას მოხმარდება „ინსტიტუციონალიზებული ბონუსი“ და როგორი იქნება კიდევ ერთი მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარების ეფექტი? დაველოდოთ, დრო გვიჩვენებს...