გიგა ბოკერია: „სირცხვილის დერეფნების" მოწყობაში მონაწილეობას არ მივიღებთ

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 17 ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში 21 ნოემბერს არის დანიშნული. ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.
Sputnik

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის" საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ „სირცხვილის დერეფნების“ მოწყობაში მონაწილეობას არ მიიღებს, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ. 

„ქართულ ოცნებაში" არჩევნების მეორე ტურის დღეს ოპოზიციის გეგმებს „შემაშფოთებელს“ უწოდებენ

ოპოზიციური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ 15 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე მომხრეებს 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის დღეს საარჩევნო უბნებთან ე.წ. „სირცხვილის დერეფნების“ მოწყობისკენ მოუწოდა.

მმართველ პარტიაში საპარლამენტო არჩევნების დღეს ოპოზიციის გეგმებს შემაშფოთებელი უწოდეს, ისინი ოპოზიციურ ძალებსა და საერთაშორისო პარტნიორებს „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის მოწოდებასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ. 

„მთავარი პრობლემაა არა ის, თუ ვინ რა ფორმით გამოხატავს პროტესტს, არამედ ის ზეწოლისა და წნეხის ფაქტები, რაც მმართველმა გუნდმა არჩევნების პირველ ტურზე გამოიყენა და კენჭისყრის შედეგები გააყალბა. არჩევნების შედეგები არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენთვის მიუღებელია პროტესტის ის ფორმა, რასაც „ნაცმოძრაობა“ აანონსებს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ. 
ორი პარტიის მხარდამჭერებმა ბათუმში ოპოზიციის აქცია დატოვეს

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ხელახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით ქვეყანაში ორი კვირაა საპროტესტო აქციები ტარდება. კენჭისყრის შედეგებით პარლამენტში შესულმა ყველა ოპოზიციურმა ძალამ პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა დეპუტატის მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის ქმედებებს დესტრუქციულს უწოდებენ და მათ დესტაბილიზაციასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში სდებენ ბრალს.

ვითარების დარეგულირებას დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ცდილობენ, რომლებიც მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ. თუმცა მოლაპარაკებების ორი რაუნდის შემდეგ პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 17 ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში 21 ნოემბერს გაიმართება.