ამირან გამყრელიძე: საქართველოში მედპერსონალის 4 ათასამდე წარმომადგენელია ინფიცირებული

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესდა – ინფიცირებულთა დღიურმა მაჩვენებელმა 3 ათასს გადააჭარბა.
Sputnik

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. ქვეყანაში ვირუსის შიდა გავრცელება სერიოზულ ზღვარს აღწევს, შესაბამისად, იზრდება კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რიცხვი, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.

გამყრელიძის განმარტებით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებების 120 თანამშრომელი დაინფიცირდა. 

დღის სტატისტიკა: სად დაფიქსირდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა

„საქართველოში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე მთლიანობაში სამედიცინო პერსონალის დაახლოებით 4 ათასი წარმომადგენელია ინფიცირებული. რა თქმა უნდა, მათი უმრავლესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ისინი სამუშაო ადგილს დაუბრუნდნენ, თუმცა სამედიცინო პერსონალს შორის ინფიცირების მაჩვენებელი სულ უფრო იმატებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც ეპიდემიოლოგმა განმარტა, მედპერსონალს კორონავირუსზე PCR–ტესტი ორ კვირაში ერთხელ, უშუალოდ კოვიდ–კლინიკების პერსონალს კვირაში ერთხელ, ხოლო სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს – 72 საათში ერთხელ უტარდება.

გამყრელიძის განმარტებით, მედპერსონალის შემთხვევაში კორონავირუსის ინფექცია ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა გვხვდება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებიც. მისი თქმით, ზაფხულში სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები ძირითადად კლინიკებში ინფიცირდებოდნენ, დღეს კი დიდი ნაწილი ყოფით პირობებში ავადდება. 

საქართველო COVID-19-ის ვაქცინის მოლოდინშია

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ჯანდაცვის უწყების მიერ შემუშავებული რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი 82 835 ადამიანს დაუდგინდა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 65 291 ადამიანი, გარდაიცვალა 733 პაციენტი.

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესდა – ინფიცირებულთა დღიურმა მაჩვენებელმა 3 ათასს გადააჭარბა.

ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყანაში ახალი წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდა. 9 ნოემბრიდან საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში იკრძალება როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება. მოქმედებს სხვა აკრძალვებიც.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.