კახელი თავადის სხარტი პასუხი იმპერატორს, სამყურა ბალახის ძალა და სხვა საინტერესო ფაქტები

ჩვენი ქვეყნის ისტორია იმდენად დიდია და ღრმა, შეუძლებელია, ყველაფერი ვიცოდეთ და გაგონილი გვქონდეს
Sputnik

ამიტომაც გამორიცხული არ არის, ის მოკლე ფაქტები, რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, სრულიად უცნობი იყოს მკითხველისთვის.

***

დიდმა დავით აღმაშენებელმა 1118 წელს საქართველოში ყივჩაღთა დაახლოებით 200 ათასიანი ურდო ჩამოასახლა. მათ შორის იყო მისი სიმამრი ათრაქა შარაღანის ძეც. მეფე დავითის სიკვდილის შემდეგ კი ეს  ურდო ისევ უკან, სტეპებში გაბრუნდა.

„რუსის მეფეთა მეფე დაუდი“: რატომ იხსენიებენ სპარსი ისტორიკოსები აღმაშენებელს რუსეთის მეფედ

საქმე ის იყო, რომ ათრაქას თავისმა ძმამ, სირჩანმა, მდინარე დონზე მოთარეშე ყივჩაღთა მეფემ, არაერთხელ შემოუთვალა, უკან დაბრუნდიო. ეს იმიტომ რომ მას შემდეგ, რაც ყივჩაღთა უდიდესი ნაწილი საქართველოში გადმოსახლდა, ვოლგა-დონის სტეპებში მოთარეშე ველურები დასუსტდნენ და უზარმაზარი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე დაემუქრათ. ამიტომაც იყო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ათრაქას ურდოს უკან დაბრუნება.

გადმოცემის თანახმად, სირჩანი ამ თხოვნებით რომ ვერაფერს გახდა, ძმას საყვარელი მომღერალი გამოუგზავნა და ის სამყურა ბალახი გამოატანა, მხოლოდ და მხოლოდ სტეპებში რომ ხარობდა. ათრაქას ყივჩაღი მომღერლის ჰანგებმა სევდა მოჰგვარა და მშობლიური სტეპები გაახსენა, ხოლო როცა სამყურა ბალახის სურნელი შეიგრძნო, სტეპებში გაჭრის სურვილი გაუმძაფრდა. მისი ბრძანებით, ყივჩაღთა ურდო მეორე დღესვე აიყარა და დარუბანდის გზით გაბრუნდა უკან.

***

1779 წელს ოსმალებმა იმერეთის სამეფოსათვის ოდიშის სამთავროს ჩამოშორება განიზრახა და აფხაზეთის მხრიდან დაესხა თავს. ოსმალებს ეხმარებოდნენ ყირიმელი თათრები, აფხაზები, ჩერქეზები და ბალყარელები. მტერმა მდინარე ენგური გადმოლახა და რუხის ციხეს მიადგა. იქ მათ იმერეთის მეფე შეეგება, რომელსაც დასავლეთ საქართველოს ლაშქართან ერთად ერეკლეს გაგზავნილი კახელთა ჯარიც ახლდა თან.

ჩვეულებრივი დევგმირები, ანუ როცა ძალა გულშია: ორი ამბავი საქართველოს ისტორიიდან

თავიდან ფალავნური ბრძოლები გაიმართა.  სოლომონის ბანაკიდან ჩოლოყაშვილი გავიდა, ოსმალთა მხრიდან ემხვარმა გადაჰკრა მათრახი ცხენს და თავისიანებს გამოეყო. კახელი თავადი ჭაღარა კაცი იყო, აფხაზი თავადი ― უწვერული ჭაბუკი. ფალავნები მდინარის პირას შეეჩეხნენ ერთმანეთს.  ხმალი იშიშვლა ემხვარმა, მაგრამ ცხენს აღვირი მოქაჩა და დადგა:

― რას უცდი ჭაბუკო?! ― მიაძახა მოწინააღმდეგის უმოქმედობით გაოცებულმა ჩოლოყაშვილმა.

― უფროსისაგან პირველ მოქნევას ველიო, ― უპასუხა აფხაზმა ყმაწვილმა.

ჩოლოყაშვილი ემხვარს გადაეხვია და სიცოცხლენაჩუქარი იქაურობას გაეცალა.

***

როცა კომუნიტები ეკლესია-მონასტრებს დაერივნენ, ონში ყველა ქრისტიანული საკულტო ნაგებობა დაანგრიეს და ჯერი სინაგოგაზე მიდგა. ამის გამო რაბინ ელია ამშიკაშვილის ოჯახმა საპროტესტო აქცია მოაწყო, მოსე ბუზუკაშვილმა კი საკუთარი ჯალაბის ქალ-რძალი, ჩვილი ბავშვებიანად, სინაგოგაში გამოკეტა. ამ მაგალითს ებრაული თემის სხვა ოჯახებმაც მიბაძეს და ებრაელი ქალები შვილებიანად ჩაიკეტნენ სინაგოგაში. სოფელ ღარის ქართველმა ქალებმა სოლიდარობა გამოუცხადეს მათ, შვილებთან ერთად მივიდნენ სინაგოგასთან და ალყა შემოარტყეს მას.

იდუმალებით მოცული მკვლელობა, ანუ ამბავი ქართველი მეფისა და უცნობი „ოვსი ყმისა“

ამასობაში თბილისში მალულად წარგზავნილმა ებრაელებმა უმაღლეს ხელისუფლებაში  საქმე მოაგვარეს და ონში მთავრობის შეწყნარების საბუთი ჩაიტანეს. აიმ ამ უდიდესი რისკის ფასად გადარჩა სინაგოგა.

***

1957 წლის 11 მარტს, საერთაშორისო ტურნის ფარგლებში ბირმაში  ჩასულმა თბილისის „დინამომ”, რომ იტყვიან, გადაუარა  ბირმის ნაკრებს და ანგარიშით 9:1 გაანადგურა. ჩვენი ფეხბურთელების ულამაზესი თამაშით აღფრთოვანებულმა პრემიერ-მინისტრმა უნუმ მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ გუნდებს თამაშის გაგრძელება მოსთხოვა. ძლივს გააგებინეს, რომ ასეთი რამ არ შეიძლებოდა. 

*** 

თბილისში სტუმრად მყოფ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პირველს ერთი კახელი თავადისთვის, რომელიც მას ძალიან ჰგავდა გარეგნულად, უთქვამს:

― ძალიან მგავხარ, ეტყობა დედათქვენი პეტერბურგშია ნამყოფი.

კახელმა თავადმა კი იუარა თურმე, არა, მამაჩემი დადიოდა ხშირად პეტერბურგშიო...