რევოლუციაზე არ წამოვლენ: „ლელო“ უწყებების ბლოკირებაში მონაწილეობას არ მიიღებს

ქვეყანას არ სჭირდება არანაირი რევოლუციური სცენარი, ყველა პროცესი კანონის ფარგლებში უნდა მიმდინარეობდეს, განაცხადეს პარტიაში
Sputnik

თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მონაწილეობას არ მიიღებს რევოლუციურ სცენარში და სახელმწიფო უწყებების ბლოკირებაში, განაცხადა პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ტელეარხ TV Pirveli-ს ეთერში.

დარჩა ერთი მოთხოვნა: რა შედეგით დასრულდა ოპოზიციის და მმართველი პარტიის მეორე შეხვედრა

„ლელო“ ერთ-ერთია იმ რვა პარტიიდან, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი გადალახა, უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე და მონაწილეობს საპროტესტო აქციებში, რადგან არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. ამასთან, საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი პერიოდულად მოუწოდებს ოპოზიციას უფრო რადიკალური მოქმედებებისკენ და ამტკიცებს, რომ მზად არის დასახმარებლად საქართველოში ჩამოვიდეს.

„სააკაშვილის განცხადებებს იმის შესახებ, რომ ის ხვალ თუ ზეგ ჩამოვა, დისონანსი პირველ რიგში მის პარტიაში შეაქვს. რაც შეეხება სახელმწიფო უწყებების ბლოკირებას და რევოლუციურ სცენარს, ჩემთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია... მე არ ვარ წინააღმდეგი ქვეყანაში ნებისმიერი მოქალაქის ჩამოსვლის, მაგრამ ეს რევოლუციური მოწოდებები დესტრუქციულია. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ახალი არჩევნები, ახალი ცესკო და არანაირი რევოლუციური სცენარი. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ არც „ლელო“, არც მამუკა ხაზარაძე მხარს არ დაუჭერენ არც შენობების ბლოკირებას, არც სხვა ქმედებას, რომელიც ქვეყანაში არეულობებს გამოიწვევს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან „ლელოს“ ლიდერმა აღნიშნა, რომ ამავე აზრს პარტიის სხვა პარტნიორები იზიარებენ.

„ჩვენ, ოთხმა პარტიამ - „ლელო“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ - რამდენიმე დღის წინ გავაკეთეთ განცხადება, რომ არანაირი რევოლუციური სცენარი, სახელმწიფო უწყებების არანაირი ბლოკირება, პოლიციასთან არანაირი შეტაკებები არ იქნება. ეს ჩვენი პოზიციაა. ქვეყანას სჭირდება კანონიერება, და ყველა პროცესი კანონის ფარგლებში უნდა მიდიოდეს“, - განაცხადა ხაზარაძემ.
მმართველმა პარტიამ გამორიცხა ხელახალი არჩევნების ჩატარება, როგორც ამას ოპოზიცია მოითხოვს

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს, ქვეყანაში ორი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციები იმართება. პარლამენტში გასული ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ მეათე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის უკმაყოფილებას დესტრუქციად აფასებენ და მას დესტაბილიზაციის მცდელობებსა და სიტუაციის ხელოვნურ დაძაბვაში ადანაშაულებენ.

სიტუაციის მოგვარებას ცდილობენ დასავლური დიპლომატიური მისიები, რომლებმაც მხარეები მოლაპარაკებებისკენ მოიხმეს, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ ხელისუფლების და ოპოზიციის პოზიციები არ შეცვლილა.

ცესკომ კი პარასკევს, გვიან საღამოს პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა: „ქართულმა ოცნებამ“ 48,22%-ით მოიგო. ეს საკმარისია, რათა მან საპარლამენტო უმრავლესობა ჩამოაყალიბოს. მონაცემები ოფიციალური გამოცხადების გარეშე ცესკოს ვებგვერდზე შაბათს აიტვირთა.