ყაჩაღობა ვაჟა ფშაველას გამზირზე - დაკავებულია სამი პირი

ბოროტმოქმედებმა ორ მამაკაცს ცივი იარაღის მუქარით თანხა წაართვეს და პოლიციაში მიმართვის შემთხვეაში ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ.
Sputnik

თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალდებულებიდან ორი პირი ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტროსადგური „სამედიცინო უნივერსიტეტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის მუქარით, 21 და 27 წლის მამაკაცებს თანხა წაართვეს და გააფრთხილეს, რომ თუ პოლიციას მიმართავდნენ, ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ.

მოგვიანებით, ერთ-ერთმა დაზარალებულმა სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მომხდარ ფაქტზე ისაუბრა და ორი თავდამსხმელის იდენტიფიცირება მოახდინა, რის შემდეგაც პოლიციამ ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს და ითვალისწინებს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით პატიმრობას.