მმართველმა პარტიამ გამორიცხა ხელახალი არჩევნების ჩატარება, როგორც ამას ოპოზიცია მოითხოვს

„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებს იმ იმედით გააგრძელებენ, რომ ოპოზიციის „რადიკალური და უსაფუძვლო“ პოზიცია შეიცვლება
Sputnik

თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. მმართველ პარტიაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ განაცხადეს, რომ არ განიხილავენ საპარლამენტო არჩევნების ხელახალ ჩატარებას, როგორც ამას ოპოზიცია მოითხოვს.

დარჩა ერთი მოთხოვნა: რა შედეგით დასრულდა ოპოზიციის და მმართველი პარტიის მეორე შეხვედრა

ოპოზიცია, რომელიც ორი კვირის განმავლობაში არ წყვეტს საპროტესტო აქციებს და ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს, ერთადერთ გამოსავალს ხელახალ არჩევნებში ხედავს. სიტუაციის დარეგულირებას ცდილობენ დასავლური დიპლომატიური მისიები, რომლებმაც მხარეები მოლაპარაკებათა მაგიდასთან შეკრიბეს, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ ხელისუფლების და ოპოზიციის პოზიციები ჯერჯერობით უცვლელი რჩება.

„გვინდა, საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენოთ მიმდინარე მოლაპარაკებებზე – „ქართული ოცნება“ არ განიხილავს ქართველი ხალხის მიერ თავისუფალ არჩევნებში გამოხატული ნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, ხელახალ არჩევნებს ან მსგავს საკითხებს“, - განაცხადა ბრიფინგზე თბილისის მერმა, მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკების დეტალების საჯაროზე გამოტანა დაუშვებელია და დაადანაშაულა ოპოზიცია იმაში, რომ მან სადავო უბნებზე ხმების გადათვლაზე უარი განაცხადა.

„მათ უარი თქვეს შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე – ბიულეტენების გადათვლასა და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ. კარუსელებზე. როგორც ჩანს, მათი ინტერესი არ არის, გაირკვეს სიმართლე“, - განაცხადა კალაძემ. მისი თქმით, ოპოზიციას ურჩევნია „გამოგონილი გაყალბებული არჩევნებით ივაჭროს“.

ამასთან კალაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია გააგრძელებს მოლაპარაკებებს იმ იმედით, რომ ოპოზიციის „რადიკალური და უსაფუძვლო პოზიცია შეიცვლება, დიალოგი კონკრეტული, ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგით დასრულდება“.

ოპოზიციამ პარლამენტში მუშაობის დაწყების პირობა დაასახელა

პარასკევს გვიან ღამით ცესკომ მორიგ სხდომაზე ოპოზიციის არცერთი სარჩელი არ განიხილა და თავის ვებგვერდზე პროპორციული სისტემით შემდგარი კენჭისყრის შემაჯამებელი მონაცემები გამოაქვეყნა: „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,22%-ით მოიგო, რაც მას საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად სავსებით ეყოფა.

ამასობაში ოპოზიციამ მორიგი მიტინგი გამართა და უახლოეს მომავალში სამი აქცია დააანონსა: 17-18 ნოემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს, მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტურის დღეს - 21 ნოემბერს და ახალი პარლამენტის პირველი სხდომის დღეს, თუმცა ეს თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის.