მმართველი პარტიის და ოპოზიციის მეორე შეხვედრა: მხარეები ელჩის რეზიდენციაში იკრიბებიან

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან პირველ შეხვედრას ცხრა პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა, რომელიც საქართველოში ამერიკის ელჩის რეზიდენციაში შედგა, დადებითად შეფასდა როგორც მმართველ პარტიაში, ისე ოპოზიციაში.
Sputnik

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მმართველი პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლების მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება

მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს პირველად 12 ნოემბერს შეხვდნენ. შეხვედრა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. მმართველი გუნდიდან მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ხოლო ოპოზიციიდან ყველა იმ პარტიის წარმომადგენელი დაესწრო, ვინც 31 ოქტომბრის არჩევნებზე საპარლამენტო მანდატი მიიღო.

გუშინ ცესკოს სხდომაზე მეორე ტურის 21 ნოემბერს ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს. დადგინდა, რომ მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება; ასევე, ქუთაისში გაიმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების მეორე შეხვედრა ცოტა ხანში დაიწყება. პოლიტიკოსები უკვე იკრიბებიან ელჩის რეზიდენციაში. მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩთან ერთად დაესწრება საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

შეხვედრამდე რამდენიმე ოპოზიციუირი პარტიის ლიდერმა კომენტარი გააკეთა.

„ჩვენი მოთხოვნები უცვლელია, ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, რადგან 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩვენები საქართველოში სამარცხვინოდ და ტოტალურად გაყალბდა. გადათვლას არ დავთანხმდებით იმიტომ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ყუთები იყო მხოლოდ ერთ პარტიასთან, „ქართულ ოცნებასთან“. უამრავი მანიპულაცია უკვე განახორციელოს და გადათვლას აზრი არ აქვს“, – განუცხადა ჟურნალისტებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა.

საქართველოში ვიზიტის დროს პომპეო აშშ–ის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, შეხვედრაზე ცესკოს მიერ გუშინდელი გადაწყვეტილება იმოქმედებს.

„დიალოგის პროცესი ძალიან გაართულა ცესკო-ს მიერ გუშინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც მიღებულ იქნა ვადების დაჩქარებით, ოპოზიციისთვის სასამართლოს უფლების წართმევით და კანონის პირდაპირი დარღვევით. ეს არის რეალური პასუხი ხელისუფლების მხრიდანაც მიმდინარე დიალოგსა და სიტუაციის ნორმალიზების მცდელობაზე. ამიტომ ისედაც რთული დიალოგის პროცესი კიდევ უფრო გართულდა. დანარჩენს დაველოდოთ და შევხედავთ“, - განაცხადა ბაქრაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ კონსულტაციების მორიგი რაუნდი ნიშნავს იმას, რომ მხარეები მზად არიან სწორი შეთანხმებისთვის.

„მნიშვნელოვანია, რომ მოკლე ვადაში ხდება შემდგომი შეხვედრა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველ შემთხვევაში მზად ვართ სწორი შეთანხმებისთვის, რომელიც ჩვენს მოთხოვნებზე იქნება დაფუძნებული... გადათვლის ნაწილი დამთავრდა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეაჯამა გუშინ ოქმები და რაღა დროს გადათვლა არის. დღევანდელი შეხვედრა გვაჩვენებს, რას გვაფიქრებინებს გუშინდელი გადათვლა“, – განაცხადა ვაშაძემ.

ოპოზიციამ პარლამენტში მუშაობის დაწყების პირობა დაასახელა

პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია დღეს „ქართული ოცნების“ პოზიციის მოსასმენად იკრიბება.

„ვხვდებით იმისთვის, რომ მოვისმინოთ „ქართული ოცნების“ პოზიცია, სხვას ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

პირველი შეხვედრა დადებითად შეფასდა როგორც მმართველ პარტიაში, ისე ოპოზიციაში.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე. ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები გრძელდება.