თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. გარდაიცვალა უშგულის მკვიდრი 76 წლის მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე, რომელსაც ქართველ სალვადორ დალის ეძახდნენ, ამის შესახებ Facebook-ში რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა დაწერა.
„ვერ წარმომიდგენია უშგული ფიდოს გარეშე... გენიოსი მხატვარი წავიდა ...“, - წერს ხაჭვანი და აღნიშნავს, რომ ბოლო დროს მხატვარი ავადმყოფობდა.
ფრიდონ ნიჟარაძე ცნობილი საზოგადოებისთვის არცთუ დიდი ხნის წინ გახდა. მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა 2019 წლის 2 ნოემბერს იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში" გაიმართა.
„ასაკოვანი ოსტატი მთელი ცხოვრება ხატავს, თუმცა დიდება და აღიარება მხოლოდ 75 წლისას ეწვია. ბავშვობაში ფუნჯის ნაცვლად ყველაფერს იყენებდა, რაც ხელში ხვდებოდა, იქნებოდა ეს ნახშირი თუ ქვის ნატეხი. ადგილობრივები მას ტყუილად კი არ ეძახიან სალვადორ დალის. მის ტილოებზე კაშკაშა ფერებით არის დახატული კოსმოსური სახეები. სტილისტიკა ნამდვილად წააგავს სიურრეალიზმს – სტილს, რომელშიც ესპანელი მხატვარი მუშაობდა", – წერდა ნიჟარაძის შესახებ სანქტ-პეტერბურგის დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო.
ვინ იყო ფრიდონ ნიჟარაძე
ფრიდონ ნიჟარაძე იყო მხატვარი, რომელიც ფერწერის კლასიკური გაგების ჩარჩოებს გასცდა. მისი თქმით, მას შთააგონებდა ბუნება, სამყარო და ადამიანი.
ფერმწერი თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დარჩენის შესაძლებლობა ჰქონდა, დაბრუნდა მშობლიურ უშგულში, სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
ფერწერის გარდა ნიჟარაძე სერიოზულად მუშაობდა ხეზე და წერდა ლექსებს. მხატვარი ამბობდა, რომ ფერები მას თავად ეცხადებოდა. ხატვის დაწყების წინ არ იცოდა, როგორი სურათი გამოუვიდოდა. ამასთან, 76 წლის ოსტატს 2019 წლამდე თავისი ნამუშევრები ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოუფენია.