საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს
Sputnik

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების  მეორე ტური  21 ნოემბერს გაიმართება, განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ცესკოში გამართულ სხდომაზე. 

კობახიძე: მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, ნუ შეუშინდებიან არჩევნების მეორე ტურს

ბოლო მონაცემებით, საქართველოს 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური გაიმართება 17 ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში. კერძოდ თბილისის რვა ოლქში, ასევე ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის, მცხეთის, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგის, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქებში.

ცესკოს გადაწყვეტილებით,  არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად 8 612 000 ლარი გამოიყოფა.

31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, პარლამენტში შედის ცხრა პარტია, საიდანაც რვა ოპოზიციურია.
საქართველოს ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და არალეგიტიმურს უწოდებს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე. მეორე კვირაა საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები იმართება. მათი მოთხოვნებია – ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომა, ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობდა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩია. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1% იყო. მაჟორიტარობის კანდიდატებს კი ხმების 50%-ზე მეტი უნდა მოეპოვებინათ.