ბათუმში მომხდარი სასტიკი მკვლელობა გახსნილია: დაკავებულია ერთი პირი

მელიქიშვილის ქუჩაზე მკვლელობის შესახებ ინფორმაცია 6 ნოემბერს გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიით, ქალის მკვლელობა გაქურდვის მიზნით მოხდა.
Sputnik

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. პოლიციამ 49 წლის ქალის მკვლელობის ფაქტი გახსნა, რომელიც გასულ კვირაში ბათუმში მოხდა, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

სასტიკი მკვლელობა: ბათუმში ქალის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს

განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 43 წლის მამაკაცი. გამოძიების ცნობით, მამაკაცმა ქალს, რომელიც ბელარუსის მოქალაქე იყო, მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

მკვლელობა მელიქიშვილის ქუჩაზე 6 ნოემბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მარტო ცხოვრობდა და მეზობლებთან არ კონტაქტობდა, რადგანაც სახლიდან სამსახურში დილით ადრე გადიოდა და გვიან ბრუნდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ქალის მკვლელობა გაქურდვის მიზნით მოხდა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით („განზრახ მკვლელობა“) მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.