საპატრიარქო: ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს სახალხო მსვლელობა აღარ გაიმართება

საპატრიარქოს ინფორმაციით, ხვალ მხოლოდ მცირე პარაკლისი ჩატარდება და მტკვარში ჩაესვენება ყვავილების გვირგვინი ანთებული სანთლებით.
Sputnik

თბილისი, 12 ნოემბერი - Sputnik. ეპიდემიის მკვეთრი გავრცელების გამო ხვალ, 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს სახალხო მსვლელობა აღარ გაიმართება, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პატრიარქი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავძლიოთ ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს>>

13 ნოემბერს საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. ტრადიციულად, ყოველი წლის 13 ნოემბერს ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მეტეხის ხიდის მიმართულებით ხალხმრავალი მსვლელობა ეწყობა, რომელშიც სხვადასხვა ეკლესიის მრევლი მონაწილეობს. 100 ათასი ქართველი მოწამის პატივსაცემად მორწმუნეები მტკვარში ყვავილებს ყრიან.

„ეპიდემიის მკვეთრი გავრცელების გამო წელს მრევლის მსვლელობა აღარ გაიმართება. 17:00 საათზე მხოლოდ მცირე პარაკლისი ჩატარდება და ყვავილების გვირგვინი ანთებული სანთლებით მტკვარში ჩაესვენება ქრისტესთვის წამებული ჩვენი წინაპრებისადმი მადლიერების ნიშნად“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

წმინდა 100 ათასი ქართველი მოწამე ჯალალ ად-დინის ბრძანებით ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის XIII საუკუნეში აღესრულა. მეტეხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. უარის შემდეგ ხვარაზმელებმა მათ თავები მოჰკვეთეს და ცხედრები მტკვარს გაატანეს.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ამ დღეს წამებული 100 ათასი ქართველი წმინდანად შერაცხა.