COVID-19 - ბოლო ცნობები

ჯანმო: როგორ დავითანხმოთ ადამიანები COVID-ის ვაქცინაციაზე

ჯანმოს ექსპერტების აზრით, ადამიანებს აშფოთებთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნისა და ბაზარზე გამოსვლის სისწრაფე.
Sputnik

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ადამიანები, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან კორონავირუსზე ვაქცინაციას, აზრს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლიან, თუ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები უსაფრთხო აღმოჩნდება, აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

„ვინც უკვე უარი თქვა აცრაზე, COVID-19-ის ვაქცინის მიმართ მათი დადებითი ან უარყოფითი განწყობა შეიძლება თავად პრეპარატის ხასიათსა და მის სავარაუდო უსაფრთხოებაზე იყოს დამოკიდებული. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვაქცინაციის კატეგორიული მოწინააღმდეგეები აზრს შეიცვლიან, თუმცა ყველაფერი მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება პანდემია“, — განაცხადეს ჯანმოში.

ორგანიზაციაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ადამიანების დიდ ნაწილს აშფოთებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნისა და ბაზარზე მათი გამოსვლის სისწრაფე და არ ენდობა მათ უსაფრთხოება–ეფექტურობას.

ჯანმო BioNTech-ისა და Pfizer-ის ვაქცინის წარმატებას ეხმაურება

ორგანიზაციის ექსპერტების აზრით, ზოგადად ვაქცინაციაზე უარის თქმის მიზეზები ყოველთვის სპეციფიკურია და კონკრეტულ პირობებზეა დამოკიდებული. თუმცა არცთუ უმნიშვნელო როლს ასრულებს სამკურნალო პრეპარატების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციაც.

მათი თქმით, მსგავსი დეზინფორმაციები ვრცელდება COVID-19-ის მომავალი ვაქცინების შესახებაც, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საზოგადოების მხრიდან მათ მიღებასა და გამოყენებაზე.

თუმცა ჯანმოში მაინც დარწმუნებული არიან, რომ როგორც კი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები გამოჩნდება, ადამიანები კორონავირუსზე აცრების მიმართ დამოკიდებულებას შეიცვლიან, მით უმეტეს, რომ სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული მათი სიცოცხლის დაცვა და ნორმალური ცხოვრების დაბრუნება.