საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩს ინგლისელი მსაჯების ბრიგადა მოემსახურება

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მიიღებს.
Sputnik

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. უეფას ერთა ლიგის ფინალს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის, რომელიც 12 ნოემბერს თბილისში გაიმართება, ინგლისელი მსაჯების ბრიგადა განსჯის გამოცდილი ენტონი ტეილორის ხელმძღვანელობით.

ტეილორს დაეხმარებიან გვერდითი მსაჯები ჰარი ბესვიკი და ადამ ნანი. მეოთხე სარეზერვო მსაჯია კრეიგ პოუსონი. ფინალში VAR სისტემა იქნება ჩართული, რომელზეც ასევე ინგლისის წარმომადგენლები იმუშავებენ – სტიუარტ ეტუელი და პოლ ტირნი.

ისტორიული მატჩის მოსაგებად 29 ფეხბურთელი ემზადება – ვაისმა შემადგენლობა დაასახელა

42 წლის ტეილორი ინგლისის პრემიერ-ლიგის მატჩებს უკვე 10 წელია ემსახურება. ის ასევე რეგულარულად მსაჯობს უეფას ჩემპიონთა ლიგისა და უეფას ერთა ლიგის მატჩებზე.

ტეილორი საკმაოდ მკაცრი მსაჯია და გაფრთხილებების კუთხით „ძუნწი“ არ არის. ამ სეზონზე ინგლისელმა ცხრა მატჩზე იმუშავა და 36 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი აჩვენა.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მიიღებს, რომელიც 2021 წლის ზაფხულში გაიმართება.