თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. არც ერთი მიკროელემენტი ან ვიტამინი არ არის გარანტია, რომ ჩვენ კოვიდ-ინფექცია არ შეგვხვდება, განაცხადა იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
კულუმბეგოვმა ისაუბრა, თუ როგორ უნდა გაიძლიეროს ადამიანმა იმუნური სისტემა, რომ არ შეხვდეს კორონავირუსი, ან დადასტურების შემთხვევაში მარტივად დაძლიოს ის.
„კოვიდ–პანდემიის დროს სერიოზულ გამოწვევად რჩება ადამიანის იმუნური სისტემის წახალისება და გაძლიერება. სრულფასოვანი იმუნური სისტემის მიღწევა მარტო საკვებით განპირობებული ფაქტი არ არის. ეს არის გენეტიკური ფაქტორებით განპირობებული და კიდევ სხვა ბევრი ფაქტორია. ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი გარემო-ფაქტორები: კვების დაბალანსება, ფიზიკური აქტივობა, ძილის მოწესრიგება“, – ამბობს კულუმბეგოვი.
კულუმბეგოვის განცხადებით, მიუხედავად ყველაფრისა, ეს ფაქტორები არ არის იმის გარანტია, რომ ადამიანს კორონავირუსი არ შეხვდება.
თუმცა, როგორც ალერგოლოგმა აღნიშნა, არსებობს კვლევები, რომლებმაც დაადასტურა, რომ ამა თუ იმ მიკროელემენტის ან ვიტამინის დეფიციტის დროს ადგილი ჰქონდა გართულებებს, ან დაავადების მძიმედ მიმდინარეობას.
ხახვი – ვირუსებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება>>
მაგალითად, ადამიანებთან, რომლებსაც ორგანიზმში D ვიტამინისა და თუთიის დაბალი შემცველობა ჰქონდათ, კოვიდის მიმდინარეობა შედარებით რთულად წარიმართა.
„ის კვლევები, რომლებიც დღეს ჩვენ გვაქვს, იგივე D ვიტამინის შემთხვევაში, იგივე თუთიასთან მიმართებით, არ არის ძალიან მასშტაბური, მაგრამ ძალიან პატივსაცემი ჯგუფების და ქვეყნების მიერ არის შესრულებული. ამ კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებთან, რომლებსაც ჰქონდათ დაბალი D ვიტამინის და თუთიის შემცველობა საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, კოვიდის მიმდინარეობა იყო შედარებით უფრო რთული“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
შესაბამისად, იმ რეკომენდაციების დაცვა, რომლებსაც მედიკოსები იძლევიან იგივე კვებითი რაციონის, ჯანსაღი ცხოვრების წესის, ფიზიკური აქტივობის შესახებ, დაგვეხმარება შევამციროთ კორონავირუსით გამოწვეული გართულებები.
ბოლო ორ თვეში საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. კორონავირუსის პირველი ტალღის დროს – 26 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე – ინფიცირებულთა რაოდენობა მთლიანობაში 1500-ს არ აჭარბებდა. ბოლო დღეების მონაცემებით კი დღიურმა მაჩვენებელმა 3 ათასს მიაღწია.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2911-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 66561-ს მიაღწია.