გუნდური პირველი ადგილი: ჩვენმა ძიუდოისტებმა ხორვატიიდან რვა მედალი წამოიღეს

ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის პროდუქტიული გამოდგა. გრიგალაშვილმა და მაისურაძემ ჩემპიონობა იზეიმეს.
Sputnik

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტებმა ხორვატიაში ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე 8 მოპოვებული მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.

ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედლები აიღეს

ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ქართველებმა ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს. მესამე ადგილებზე თავიანთ წონით კატეგორიებში ბაგრატ ნინიაშვილი და ჯაბა პაპინაშვილი გავიდნენ, ხოლო თემურ ნოზაძე კონსტანტინ სიმეონიდისთან ფინალში მარცხის შემდეგ ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

მეორე საჭიდაო დღე ქართველი სპორტსმენებისთვის ბევრად შედეგიანი გამოდგა.

81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა ფინალში შვეიცარიელი ლუკას ვიტვერი ვაზარით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ვლადიმერ ახალკაცმა, რომელმაც იტალიელ ფალკონეს იპონით სძლია.

ასევე წარმატებული გამოდგა ლუკა მაისურაძის გამოსვლაც. მან 90 კგ წონით კატეგორიაში ფინალში რუს მეტოქეს ეკუბჟონ ნაზიროვს იპონით მოუგო და ოქროს მედალს დაეუფლა.

ქართველმა ძიუდოისტმა ევროპის იუნიორთა ჩემპიონატი მოიგო

ონისე სანებლიძემ, რომელიც 100 კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, ბრინჯაოს მედალი ფრანგ ძიუდოისტზე გამარჯვებით მოიპოვა. +100 წონით კატეგორიაში კი გელა ზაალიშვილმა ფინალი უნგრელ რიჩარდ სიპოშთან დათმო და შედეგად ვერცხლის მედალს დასჯერდა.

საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და აღნიშნული შედეგით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონატი 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის ხორვატიის ქალაქ პორეჩეში გაიმართა.